Wednesday, December 3, 2008

კოსმოგონიური მითები

მორიგე ღმერთის მიერ ღვთისშვილების

ზეციდან გადმოშვება

...პირველად მორიგემ რომ ღვთისშვილები ზეციდან გადმოუშვა ისინი გერგეთს დააბინავა, გერგეტის მთის ძირში და ნებას არ აძლევდა, რომ ჯერ ხმელეთზე სახალხოდ გადმოსიყვნენ და მოქმედება დაეწყოთ. გადმოშვებულნი კი იმიტომ იყვნენ, რომ დევებთან უნდა ეწარმოებინათ ბრძოლა, რადგან დევები ხორციელთ, ე.ი. ხალხს ანადგურებდნენ, ხოცავდნენ და ყველანაირად ავიწროვებდნენ მათ. ანგელოზნი და ხვთისშვილნი ხალხში ჯერ არ იყვნენ გამოსულნი და დევ-კერპებს ეჭირათ ქვეყანა., მოწინააღმდეგე არავინ ჰყავდათ და როგორც ეწადათ, ისე იქცეოდნენ.შეწუხდა ხალხი და არ იცოდნენ რა ექნათ, ხალხმა მკითხავების საშუალებით ის კი გაიგო რომ ღვთისშვილები არიან გერგეტში ხალხის დასახმარებლად გამოშვებულნი, მაგრამ ღვთიდან არ ჰქონდათ მოქმედების ნება.

თ ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბილისი 1967, გვ 156-157

კოპალას მოსვლა და მისი დავანება უძილაურთის მთაზე - ირემთ კალოზე

... კოპალა მოვიდა და ფშავის მთაზე უძილაურთის თავს, ირემთ კალოს რომ ეძახიან, იქ დაარსდა (დაივანა) და თვალყურს ადევნებდა , სად იქნებოდა მოსახერხებელი დევებთან ბრძოლა. ამ დროს ერთი ხორნაუთელი კაცი, ხორნაულთ სოფლის პირდაპირ , ყანას ხნავდა. როშკის გორაზე ერთი დევი წამოდგა და ასე მოახდინა საქმე, რომ ღვარი ასტეხა და ხარი და კაცი სულ ყველა ღვარმა წაიღო. მას (მხვნელს) გაგონილი ჰქონდა, რომ დასღაც გმირი კოპალა დაარსდა. დევებს ხოცავს და ხალხს ეხმარებაო. ამ გაჭირვების დროს გაახსენდა და შემოსძახა: ,,გმირო კოპალავ, მიშველე, წყალს ნუ წამაღებინებ და ეს მამული შენდ შემომიწირავო“.

ეს კოპალამ გაიგო და იმწამსვე იქ გაჩნდა, ღვარი შეაჩერა და კაცი ცოცხალი გადაარჩინა. ლახტი ესროლა და დევების ბინას ცეცხლი წაუკიდა. მერე მივიდა და სუყველა ამოწყვიტა იქ მყოფი დევები. ერთი დევი შეძვრა როშკის ციხეში. ესროლა ლახტი და ციხეს კუთხე მოუმტვრია. დევი აქედანაც გაექცა და როშკის მთაში ერთი კლდის ძირში ჩაძვრა. ამ კლდესაც ესროლა ლახტი, გახეთქა კლდე ორად და დევს თვალი მოსთხარა. ამ კლდეს იახსარის კლდე ჰქვია დღესაცო - თქვა ბეწინიკამ, მაგრამ ლახტი კოპალამ დაჰკრაო. სულ ერთი და იგივე არის, თუ გინდ იახსარი თქვი, თუ გინდ კოპალაო. აქედან თვალგამოთხრილი დევი გაიქცა და აბუდელაურის ტბაში ჩაძვრაო.

თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967წ, გვ. 157-158

დ ე ვ ე ბ ი ს გ ა მ ი წ რ ი ლ ე ბ ა გ ო მ ე წ ა რ შ ი

ხალხის წარმოდგენით, გარდა ღვთისშვილებისა, არსებობენ აგრეთვე ავი სულები, ბოროტი ძალები, რომლებიც დევების, ეშმაკების (იგივე ქაჯების) სახით ცხოვრობენო. ისინი იბრძვიან კაცთა მოდგმის წინააღმდეგ. მათი ბრძოლა ძე ხორციელთა წინააღმდეგ უმეტეს შემთხვევაში ფარული (გამიწივრელებული) სახით მიმდინარეობს (,,მისეულობითო“ - იტყვის ფშაველი), მაგრამ ზოგჯერ საჩინოც ხდებაო.

ავსულები აესევიან უსიერ ადგილებში დასახლებულ ხალხს, ოჯახს, სხვადასხვა ადგილას გაჩნდებიან ხოლმე. არსებობს ასეთი ლექსიც:

დევნ გამიწრივლდენ გომეწარს,
მცხოვრებნ დაშინდნენ ყველანი,
დაუჭერავის ავსულთა
ხევნი, მთანი თუ ველანი.

მთქმელი: ღვთისო ფარნაოზიშვილი, 75 წლის. ჩამწერი ტრისტან მახაური. 1980 წელი. ნოემბერი. ფ. არქ. ქ 332, გვ.177




ს ა გ მ ი რ ო ლ ა ხ ტ ს მ ო რ ი გ ე ღ მ ე რ თ ი ი ძ ლ ე ვ ა

...დევებმა ქალებს დაუწყეს წამება,თურმე ისე მოაჯადოვეს, რომ თურმე ქალები თვითონ მირბოდნენ დევებთან.ეს ამბავი ღვთისშვილებმა (ხთის ნაბადებმა) იწყინეს.შესთხოვეს მორიგე ღმერთს, რომ კარატიონისთვის (კარატის ჯვარისთვის) ძალა მიეცა... მორიგე ღმერთს საგმირო ლახტი მიუცია კარატიონისთვის. რაღაც ცეცხლისაგან ყოფილა ეს ლახტი გაკეთებული. სადაც დაჰკრავდნენ იქ ცეცხლს აჩენდა.

თ ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბილისი 1967, გვ 175-176


პ ი რ ქ უ შ ი

პირქუში კაცი ყოფილა, ოქრომჭედელი-ხევსური. სიწმინდეს იცავდა.სიკვდილის შემდეგ იქცა ხატად...კარგი ახალგაზრდა ყოფილა,ქალებს მოსწონდათ,მაგრამ იმას ჭკუაში არ უჯდებოდა,რომ მათთან ყოფილიყო.სიწმინდეს იცავდა,შეულახველი იყო.ღმერთს მისთვის ბედნიერი(ავადმყოფობა:ციმბირის წყლული)შეუყრია .პირი გადატრუშია და ასე გამხდარა პირქუში.მერე წმინდანად ქცეულა,ღმერთს მიუცია ნება,რომ ანგელოზად ქცეულიყო.მისი ნაკეთები თასებით ზოგ ხალხს უვაჭრია,ზოგს კი ხატებში მიუტანიათ.

დევების განადგურება ფუძის ანგელოზისა და

იახსარ-კოპალას მიერ

ბაკურხევში არის სოფელი, რომელსაც საკერპოს ეძახიან. აქ ყოფილა ცხრა ძმა დევი და მლოცველები არ გაუშვიათ აქეთკენ. .. იცოდა ხალხმა რომ ისინი დევები იყვნენ და ეშინოდათ... კოპალე მოუწვევია ფუძის ანგელოზს. კოპალე და ფუძის ანგელოზი ძმები არიან. იახსარიც გამოჩენილა და ფხიტურზე ეს ხატები ერთად შეყრილან. ფუძის ანგელოზს უთქვია: მე ჩავალ საკერპოს დევებთან, თქვენ აქ მომიცადეთ, და თუ გამიჭირდა, მომეშველეთო... ის დევები დაუხოცია ფუძის ანგელოზს ლახტით და. მემრე ცოტა შაჰგვიანებია...კოპალა და იახსარი წასულან და გზაში შეჰყრიათ ფუძის ანგელოზს...

თ. ოჩიაურის მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ,1967წ, გვ.169

იახსარმა ლახტით ამოწყვიტა დევები

იახსარი პირველად ყოფილა ხორციელი. წმინდა ბერი. ღვთის მლოცავი და ღვთიდან მოცემული დიდი ძალის მქონე... ის ებრძოდა დევებს და ანადგურებდა. იმ დროს დევები მიწაზე გამოსული ყოფილან. ხოცავდნენ და სჭამდნენ ხალხს... მორიგე ღმერთმა იახსარსა და კოპალას, ერთურთის მოძმეთ ორივე წმინდა ბერს, მიულოცა ძალი და შეძლება დევებთან ბრძოლისა და მათი განადგურებისა.

იახსარს ნინახში ჰქონდა პატარა სამლოცველო და საბერო... აქვე საბეროს წინ, იახსარს ჰქონდა საყუჩი-საყარაულო... აქ ყარაულობდა იახსარი ერთ დიდსა მდიდარ დევს გამხვეურას (გამხვეურა ამ დევს იმიტომ ერქვა, რომ იგი გახვივებული იყო ცოლ-შვილითაც და ცხოვრებითაც. გახვივებული-გამრავლებული, გამდიდრებული) ეს დევი ცხოვრობდა იახსარის საცხოვრებლიდან დასავლეთ მხარეს, იმ ადგილს შემდეგ დაერქვა გამხვეულთ კარი... შუაფხოდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული. ფშავის არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ. ეს დევები აქ რომ გამრავლდნენ, მოინდომეს ავისგორს დასახლება... წამოვიდნენ და აქ დაიწყეს შენება. გაააიგო იახსარმა ... ხევიდან მიეპარა ... იახსარი იმ დროს მივიდა, რომ კარისთავს დებდნენ ცხრანი დევნი და ვერ ერეოდნენ... (კარისთავად დიდი ქვა იყო შესადები). იახსარმა გადაიკვართა კალთები, მოავლო ხელი ქვას და მარტომ შეაგდო. შეშინდნენ დევები და გაიქცნენ. იახსარმა კარის თავიც იმათ ესროლა და გამხვეუთკარს სახლი დაუნგრია. ჯერ არ იყო ბრძანება მათი მთლიანად ამოწყვეტისა...

ხაშარს სახელგანთქმული დევები ვხოვრობდნენ - მუზა და ბეღელა. მუზა ყოფილა დევების მეფე და ბეღელა ლამაზი დევის ქალი... სოფელ უძილაურთას თავს, ზედ მთაზე, დიდი მოედანი არის, რომელსაც ირემთ კალო ჰქვია... სახელგანთქმული დევები დაბარებულნი იყვნენ, ყოველგნით უნდა მოსულიყვნენ... იახსარსა და კოპალას განზრახული ჰქონდათ ამ დევების ამოწყვეტა. ბრძანებაც ასეთი იყო მორიგე ღვთისაგან.

იახსარი ჩუმად წავიდა და ხაშარის გამოსავალში საპარავის ყელში ჩაუსაფრდა. ხაშარიდან წამოსული მუზა დევი ამ გზით გამოივლიდა ირემთ კალოსაკენ მიმავალი... მუზა მთაზე შემოხვდა... იახსარი აქ იყო ჩასაფრებული, დაჰკრა თავში ლახტი და მუზა დევი იქვე მოკლა... ხაშარში რაც დევები იყვნენ მუზას მოპსაშველებლად გამოემართნენ. მივარდა იახსარი თავისი ლახტით და სულ ამოწყვიტა ყველა დევი. სახლიც დაუქცია... ზოგი იორზე გაიქცა. დაედევნა და სულ ამოწყვიტა დევები.

თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 143-145

კოპალა იახსარზე უფრო სახელიანია

...კოპალა სახელიანია იახსარზე. ფშაველი დედაკაცი, როცა იწყევლება, კოპალასა და მის ლახტს ახსენებს:,,შენ გმირის კოპალაის ლახტნაკრავო“. ,,დაგლახტოს გმირმა კოპალამა, აგრიანე!“ - ეუბნება იგი თავის მოპირდაპირეს. კოპალა, ფშავურის ზეპირგადმოცემით, ყოფილა იხინჭას ბერად. შესმენია, რომ ფშავი დევებისაგან დიდად შეწუხებულა და შევიწროვებულიაო, ამდგარა და წამოსულა ხალხის საშველად. დევების უმთავრესი სადგური და სიმაგრე ციხე - გორს ყოფილა. კოპალა დევებთან სტუმრად მისულა, როგორც გზადაკარგული მონადირე, და ღამე დევებთან უთევია. მეორე დღეს დევებს დაუწყიათ თავისი ჩვეულებრივი ვარჯიშობა - ქვის სროლა.კოპალასაც უთხოვია, რომ მიეცათ დევებს ნება გამოეცადა თავისი თავი. დევებს ბერი მასხრად აუგდიათ, მაგრამ, როცა კოპალას გაუსროლია ქვა და დევების საფალავნო მიჯნისათვის გააუცილებია ბევრით შორს, დევებს თავზარი დასცემიათ. კოპალას მიუყვია ხელი, გაუჟლეტია დევები და იმათი ციხე-დარბაზი თითონ დაუჭერია. იმათგან დავლად დარჩენია ქვა. დღეს ეს ქვა არაგვის პირასაა, იქ, სადაც კოპალას სალოცავია, და ჰქვიან ,,კოპალას ქვა“. კართანაში (ადგილია) მყოფს დევებს გაუგიათ ციხე-გორელი დევების ზარალი. მაშინ აქედან ერთი თავგამოდებული დევი წასულა ,,კოპალას ქვის“ მოსატატაცებლად, მოუტაცია კიდეც, მაგრამ ამოჰშხამებია ბოლოს. კოპალა სანადიროდ ყოფილა, დაბრუნებულა შინ და უნახავს - ქვა აღარ არის, მიხვედრილა მიზეზს და გამოდგომია ქურდს კვალდაკვალ, რამდენიმე ვერსის სიშორედან დაუნახია დევი, შემოუტყორცნია იქიდან ისარი, დევიც მოუკლავს და ქვაც დაუტოვებინებია იქ, სადაც დღესაც არის იგი ქვა მრავალტანჯული. იქვე ახლოს ჰქონია ამ დევს ბინადრობა. კოპალა მისულა იმის სახლში და ჰხედავს, რომ მოკლულის დევის დედას ჯარა უდგია და მშვილდის ბაწარს გრეხს, ანუ, როგორც ფშაველი ამბობს, სძახს... -შვილები სადა გყავსო? - ჰკითხა კოპალამ დევის დედაკაცს... - ერთი შვილი ციხე-გორს წავიდა, კოპალას ქვა უნდა მოსტაცოს, და მეორე სანადიროდ არის წასულიო...

ვაჟა-ფშაველა, ტ.IX , 1964წ, გვ. 78. ჩართულია წერილში ,,კოპალა და იახსარი-დევების მებრძოლნი“, 1889 წ

კვირიკა ლიქოკელი და გველი - შუბნური

ერთხელ სოფელ კარწეულთაში მცხოვრები კვირიკა ლიქოკელი გზად მიდიოდა და ნახა კვათის (ადგილის სახელია) მწოლარე გველი. ძალიან დიდი თვალები ჰქონდა... კვირიკამ თურმე სამი ქვა ესროლა, სამივე მოარტყა და იმან კი ყურიც არ უგდო კვირიკას ქვის სროლას...კვირიკამ ქვების სროლას თავი დაანება და შინ წავიდა. არ გასულა ერთი კვირა, რომ კვირიკას სამი შვილი მოუკვდა, ორი ვაჟი და ერთი ქალი. ხევსურებმა ეს ამბავი მიაწერეს გველისათვის ქვის სროლას. ამის შემდეგ ლიქოკელებმა დიდი გველი ნახეს, ყველა შუბნური სალოცავი ჰგონიათ, გველს არ ჰკლავენ და აქ გველები საშინლად გამრავლებულა...
შუბნური კოპალას ემორჩილება და მისი დახმარებით ძალიან ეხმარება კოპალას და მის საერთო ყმებს. თუ სადმე ლოქოკელი კაცი განსაცდელში ჩავარდება ან შუბნურს შემოსძახებს (ახსენებს) და ან კარატის ჯვარს, ისინი მაშინვე გასცემენ განკარგულებას, ან მწევართ დაახმარენ ან გველისფერს.

თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 186

იახსარს დევის ლამაზი ქალები ხიბლავენ

...იორზე, ვერხველის დევთა განადგურებისას კოპალას ხმალა დასძმობილებია, ...ხმალა ერთ მეტად ლამაზ დევის ქალს მოუხიბლავს და კოპალასათვის მისი ცოცხლად გაშვებაც კი უთხოვია. კოპალას მისი მუდარა არ შეუწყნარებია და დევთა მზეთუნახავი სხვა დევებისთვისმიუყოლებია...

მათურხევს სცოდნიათფშავის ხევის ღვთისშვილებს შეკრება... წასულან სალაშქროდ... იახსარს ჰრგებია ცოდვიან ტბაზე წასვლა, დევები ყოფილან იქა. ყველა დაბრუნებულა და მარტო იახსარი არ მოსულა ლაშქრობიდან მერე მოსულა დაგვიანებით. უკითხავთ: სად იყავითო, იმას უთქვამს: -ქალი ამოვიდა ტბიდან, ისეთი მშვენიერი იყოო, სამჯერ გადაუდევ ისარი და ვერ ვესროლეო, ვერ გავიმეტეო. მერე საყვედური უთქვამთ ღვთისშვილებს, რატომ არ ესროლე ის ხომ ეშმაკისა იყოო.

თ.ოჩიაური, მითოლოგიურიგადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ146-147

ი ა ხ ს ა რ ი

ღვთის კარზე შავიყარენით სამოცდა სამი ხატია,
დაგვიდგეს სასწორ-ჩარექი, კვირავ, გვიჭირე თვალია!
სამოც ლიტრასა რკინასა ვერვინ შაუგდო ქარია.
ქვემოთით დავჯე ტახტზედა, ყველას ჩემზე აქვ თვალია:
-მაგას იახსარ აიღებს, არაგვის მხრისა არია!
ავწიე, ასე ავიღე, ქვეშ გაუტარე ქარია.
მაჩუქა დამბადებელმა მშვილდი და საომარია!
შაიყრებიან დევები, სადაც დიდ მეედანია,
გაარიგებენ იმასა: ,,ერთურთს უჭიროთ მხარია.
ღთიშვილთ კოპალა მაუკლავთ, თავში დაუცნეთ ქვანია!“
ჩამეეტია კოპალა, ცხვრებულა გასჭრათ თავია!
შვიდი წლის ქალი თამარი ნეფე თქვეს, დედუფალია!
საყაჭეს წმინდა გიორგი ყველაზე მეომარია.
თუ დევებს ჩამეეტი, ვაი, მაგათი ბრალია!
ავის-გორს სახს იშენებენდევები ცხრანი ძმანია,
დედა ჰყოლიათ ცხრათავი, ცხვრის ვაჟის დედა ქალია.
დევებსა ჰქონდა ქორწილი, სიმურ ეჩქვიფნენ წყალნია.
თავს ედგა სალუდე ქობი, მეც იმათ მამცეს ზავია.
ფალავნად გამამიყვანეს ღთის შვილთა იახსარია.
მივეღირე და ვერ მიველ, პირს დავიწერე ჯვარია.
იმას ამბობენ ღვთის შვილნი. - რას შვრება იახსარია?!
საკმისას ლახტი ვესროლე, თავს დავაქციე ბანია...
ერთ კიდევ გამაჰქცევიყო, გამეემტვრია კარია.
კოჭლა გამექცა პირთავქვე,კლდეს მააფარა თავია.
კლდე ოთხად გავანაფოტე, დევს გამოვთხარე თვალია.
სულელს კარგადა სცოდნიყო ბაზალეთურნი ტბანია.
გამექცა, შიგ ჩამივარდა, თან ჩავყევ იახსარია.
ამოსვლით ვეღარ ამოველ, სისხლმა გამიბა მხარნია.
ცხრას წელს ეძებეს ჩემს ყრმათა ოთხრქა-ოთხყურა ცხვარიო,
დაკლიან ტბისა პირზედა, ღმერთო დასწერე ჯვარიო!
შამოვხევ ბროლის ქვაზედა, შამოვიბერტყენ მხარნიო.
დავკვლიე ჩემსა ნაჯდომსა, რა ჭრელნი დარჩნენ ქვანიო!
შვიდი წლის ქალი თამარი ნეფე თქვეს დედუფალიო!
ზღვის პირზე შევიყარენით, შაგვექნა საუბარიო.
ზღვასა გადაჰკრა ლეჩაქი, გადააქანა ზღვანიო.
შუა ზღვას ჩადგა სამანი: ,,არ გადასცილდეს ცვარიო!“
კლდეზე გამართა ქალაქი, შააბა რკინის კარიო:
შიგ ააშენა სიონი, დაადგა ოქროს ჯვარიო!
ურჯულოთი და თათართი ყველათ სარწმუნომც არიო!
კარატით კარატეს მამცა თოკი ზედ გასავალიო,
ასე გავიდი თოკზედა, ვერვინ მამკიდის თვალიო.
მიტანილ გამამიგორდა ჩემი პატარა ზარიო...
დავკარ,ხმა ახადს გავარდა, იქ დაიწერონ ჯვარიო.
ლოცვა-წირვაზე დადგოდენ ჩემნი პირქუშნი ყმანიო!
ავის გორს შამიკიდოდით ჩემი პატარა ზარიო,
მიდუღეთ სალუდე ქობი, ყმანო, გეწეროსთ ჯვარიო!

,,ლექსო არ დაიკარგები“ - 1985 წელი. რედაქტორი: ალ. ჭინჭარაული

იახსარი დევს აბუდელაურის ტბაში ჩაჰყვა და იქ მოკლა

იახსარმა გამხვეულთ კარის დევებს ესროლა ლახტი თავისი საყუჩიდან, ბანი დაუქცია, ეცა და ყველა ამოწყვიტა. შემდეგ გავარდა თხილიანში და თავისი ლახტით იქაური დევებიც ამოწყვიტა. მაგრამ გაიგო რომ ერთი უფრო დიდი დევი ხევსურეთისაკენ გაექცა. დაედევნა იახსარიც... ქმოსტ-როშკა აიარა და აბუდელაურს (ქმოსტის მთა) დაეწია. იქ რომ ვეღარ გარბოდა, დევი ჩაძვრა აბუდელაურის ტბაში. ჩაჰყვა იახსარიც, ძირს ჩასულს დაჰკრა ლახტი და მოჰკლა. დევის სისხლმა ტბის ზედაპირი დაჰფარა და იახსარს გზა შეეკრა. იახსარი სამ წელს დაკარგული იყო. ვეღარ ამოდიოდა ტბიდან , ხალხი ეძებდა: რა იქნა ის დევების მხოცველი ბერი იახსარი, რომელმაც დევებისაგან გაგვანთავისუფლა და თვითონ კი დაიკარგაო. ბოლოს მისი ამბავი ერთმა მკითხავმა გაიგო და გამოუცხადა ხალხს. ხალხმა მის ამოსაყვანად ბევრი იწვალა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. ბოლოს ისევ მკითხავმა უთხრა,რომ იახსარი აბუდელაურის ტბაში არის სიმურში დამრჩალი, იქ მან დევი მოკლა, დევის სისხლი ტბას აქვს გადაფარებული და ვეღარ ამოვა, მანამ ეს არ გაიხსნება და გზა არ ექნებაო. ახლა ამ სისხლს რა მოაშორებდა და ამ გზას რა გახსნიდა ამაზე დაღონდნენ. ესეც ისევ მკითხავმა გამოურჩია: სოფელ ბლოში ერთ კაცს ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი ჰყავს, ის გამოართვით, იმ ტბაში ჩაჰკალით და გზა გაეხსნებაო. მოსთხოვეს ბლოველ კაცს ეს ცხვარი და უარი არ უთხრა. წაიყვანეს და ტყის პირზე დაჰკლეს, სადაც ქვას ეტყობოდა იახსარის ნალახტარი.(როცა ტბის ძირზე მისულ დევს ესროლა, თვალი გამოსთხარა და კლდე ოთხად გაატეხინა, აი ამ კლდესთან დაკლეს ოთხრქა-ოთხყურა საკლავი). სისხლი ტბაში ჩავიდა, გაიხსნა ტბის ზედაპირი. ერთი ბროლის ქვა ამოვიდა და ამოჰყვა იახსარი. ის ქვაზე ტრედის აღით (სახით) დაჯდა. ყმათ დაინახეს და დაიწყეს პირჯვრის წერა. მას შემდეგ იახსარი ხორციელობიდან იქცა ხვთისშვილად.
იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს კარატის წვერზე მოიკიდა კოჭი (ე.ი. დაბრძანდა)... მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა კოჭი. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ დაარსდა.

თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ148-149




ლაშარის ჯვრის უჩინო (უჩინარი) ცხენი
უჩინარი, საფარველდებული ცხენის არსებობა მე გამიგია. ლაშარის ჯვარს ჰყოლიაუჩინარი ცხენი. ამას მარტო ქადაგი ხედავდა თურმე

ლაშარელაის ლურჯასა ფაფარ ასხავის გიშრისა,
ქორებულ გაემართება, კოტორ გაჰყვება ნისლისა,
ჩაეშველება საყმოსა, ხან რომ არ იყოს მისვლისა.

გიორგი ნაღვარმშვენიერი ქაჯავეთში ჩასულა, ულაშქრავ ქაჯები და იქიდან მოდენი (დობილები) წამოუყვანია - სამი ქალი.

ნადირთმწყემსისა და ფუძის ანგელოზისა არა ვიცი, მაგრამ რომელიმე ხთიშვილი კი შეიძლება მოევლინოს ადამიანს, უფრო მოხუცი მეზობლის ან ნათესავის სახით და გაახსენოს ამ კაცს, რომ ხატი მისგან მოითხოვს სამსახურს.


მთქმელი: მართა ღურბელაშვილი. ჩამწერი: ტრისტან მახაური. სოფ. გომეწარი, 1981 წ. ფოლკლორული ექსპედიციის მასალებიდან.

კ ო პ ა ლ ა დ ა დ ე ვ ე ბ ი

...კოპალაც კაცი ყოფილა, ლიქოკელი იქნებოდა. ქადაგები ასე ამბობდნენ: ხახმატი, გუდანი, კოპალა გერგეტის წვერიდან გადმოეშვნენ. გუდანისთვის სანების წვერი მიუციათ (მიულოცავთ), კოპალასთვის - ნახალის წვერი...
დევები ზეპირად (მიწის ზემოთ) ყოფილან აქ... კაწალხევის წყალი რომ გამოდის, იმას დევის საფლავს ეძახიან... იმათ კაცები (ადამიანები) უწუხებიათ (უზიანებიათ). ღმერთს ლახტი გაუკეთებია და ის გადმოუგდია ანგელოზებისათვის (ღვთისშვილებისათვის). უთქვამს: ვინც ამ ლახტს აიღებს, იმან დევები უნდა დახოცოსო. აუწევია, მაგრამ კოპალას მეტს ვერავის აუღია. ღმერთს მისთვის მიულოცია (დევების დახოცვა). წამოსულა ეს კოპალა დევებთან საომრად. სადაც კი შეხვედრია არაგვზე, ყველა დევი მოუკლავს... ზეპირად (მიწის ზემოთ) გაუთავებია (მოუსრია) დევები,... (გადარჩენილნი) სულებად ქცეულან, მანამდე ხორციელები ყოფილან...

თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ 186

კ ო პ ა ლ ა დ ა ა ვ თ ა ნ დ ი ლ დ ე ვ ი

...იმ დროს როდესაც კოპალამ მუსა (დევი) მოჰკლა და ქვა დააგდებინა, გაღმით მხარეს გამოჩნდა ავთანდილიც. ერთ მხარეზე მოკლული ირემი ჩამოეკიდა და მეორე მხარეზე ძირით ამოწვდილი (ამოგლეჯილი) წიფელი ედო, შეშად მიჰქონდა.

კოპალას ღვთის ბრძანება ჰქონდა, სადაც დევს ნახავდა ყველა უნდა მოეკლა. ესროლა ლახტი და ავთანდილიც იქვე მოკლა. ავთანდილი გამოქანდა და ფშავ-ხევსურეთის არაგვში ჩაიდო (ჩავარდა). ახლაც იქ ძევს ქვად ნაქცევი. წიფელი გადმოვარდა გზის ძირში და ძირით მიწაშივე დაეფლო. მერე ხატმა ბრძანა: ,,ავთანდილის ხე განედლდაო, ავთანდილი კი ქვად იქცა, როცა წყალში ჩავარდაო“...

თ.ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1967წ, გვ. 155


გ ა ხ უ ა მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი ს წ ა ყ ვ ა ნ ა ქ ა ჯ ა ვ ე თ ი ს

დ ა ს ა ლ ა შ ქ რ ა ვ ა დ

გახუა ყოფილა, მეგრელაურთ გახუა. ხახმატის ჯვარს ქაჯავეთში წაუყვანია. ანგელოზების ჯარი შეყრილა. ალბათ, ხახმატის ჯვარმა თუ შ
ლაშქრობისას კარატის ჯვარს უჯობნია სხვებისათვის. გავაეყარა ერთად ანგელოზები. მისულან ქაჯავეთში... დასცემიან, რაც ჰქონიათ, წაურთმევიათ. ანგელოზებს საქონელი გამოურეკია, ვერცხლის თასები და სხვაც ბევრი წამოუღიათ. სასრევი და სამართებელი ქაჯავეთიდან გამოტანილი, ღლიღველებს მოუპარიათ შემდეგ. ხვთიშვილებს ქაჯავეთიდან ტყვედ წამოუყვანიათ ქალები: სამძიმარი, აშექალი, მზექალი. სამძიმარი ღვთის ნასახი (დანაბადი), გიორგის დაი ყოფილა...გავარვარებულ რკინას ხელზე იწყობდა კარატის ჯვარი და ქაჯებს ესროდა. ქაჯებს წამოსვლისას მოლაშქრეთათვის კატების თავ-ფეხები უსვრიათ. გუდანის ჯვარს დელამფარი (დიდი ფარი) ჰქონია. ანგელოზები მას შეფარებიან და ასე დაუცავთ თავი კატების თავ-ფეხებისაგან... ყოველივე ეს გახუას ნაუბარია.

თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 190-193

გ უ დ ა ნ ი ს ჯ ვ ა რ ი, გ ა ხ უ ა მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი დ ა ა დ ო ნ ა თ მ ი ნ დ ი ა

გუდანის ჯვარს დევებისათვის თვალი (თვალ-მარგალიტი, სიმდიდრე) მოუპარავს. ეს ასე მომხდარა: ჯვარს ორი კაცი წაუყვანია - ერთი გახუა მეგრელაური, მეორე ადონათ მინდია. მისულან იმ დევის სახლში და შიგ შესულან. ერთი ბებერი დიაცი მჯდარა (რომლის) კბილები მიწამდე უწევდა (,,მიწაზე ესხნესავ“). ავთანდილი არ არის სახლში, თორემ ვერ აჯობებდითო, - უთქვია იმ დიაცს. ერთ ყორეში ხვრელი (შუკუნი) იყო, იქ შევყავი ხელი, ხან გველი და ხან ბაყაყი გამომყავდა, ანგელოზი (გუდანის ჯვარი) თავზე მადგა, რაც მე გამომყავდა, თურმე, თვალი ყოფილიყო, ხან გველად და ხან ბაყაყად მეჩვენებოდა... გამოვიყვანეთ ისინი... დევი (ავთანდილი) მოსულა და გაუგია ამბავი... (ჩვენ) ვირბინეთ და ვირბინეთ... ხან ქვასა და ხან ხეს გვესროდა. ხუილი და გუგუნი იდგა... მოსულან გუდანის ჯვარში, რაღაც დღეობა ყოფილა იმ დროს, მოუტანიათ ის თვალი, დევიც თან მოჰყოლიათ, გახუას გაუმართნია დევთან საუბარი... სხვას არ ესმოდა მათი ნაუბარი... დევი ეუბნებოდა: რაც წამართვით (თვალი), ჩემი იყოვო...იმ დევს თეთრი ნაბადივით ეხვია (ტანზე), ნაბდისავე ძაბრის მსგავსი ქუდი ჰხურებია... ბეწვეულები სხმია პირსახეზე,... სხვაფრივ კაცივით ყოფილა, სახე კაცისა ჰქონია, მარტო ფეხები სდგმია უკუღმა.

თ.ოჩიაური, მითოლოგიური გამოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ 165-166




ღ ვ თ ი ს შ ვ ი ლ ე ბ ს დ ე ვ ე ბ თ ა ნ ს ა ბ რ ძ ო ლ ვ ე ლ ა დ მ ი ჰ ყ ა ვ თ
ბ ა ც ა ლ ი გ ო ე ლ ი გ ა ხ უ ა

გახუა ბაცალიგოელი ხევსურების ჯვარ-ღმერთების ერთგული იყო. როგორც კაცი კაცს ელაპარაკება, ისე ელაპარაკებოდნენ მას, ყველაფერს აგებინებდნენ, სადაც წავიდოდნენ, თან გაიყოლებდნენ, ხან ლაშქრობაში, ხან დევებთან ბრძოლაში, ხან სად და ხან სად.
ერთხელ გუდანის ჯვარმა, დიდება მის ძალსა, ხახმატის ჯვარმა და იახსარმა გადაწყვიტეს დევებთან საომრად წასვლა. პირობა შეკრეს. თქვეს:ხორციელი ვინ გვინდა, რომ შეგვეშველოსო. გახუა წავიყოლოთო - უთხრა საღმთომ (გუდანის ჯვარმა), დაუჯერეს ხახმატის ჯვარმა და იახსარმაც.
დაიბარეს გახუა. უთხრეს რაშიაც იყო საქმე. ,,მეძნელება თქვენთან,... დიდი ხათრი მაქვს თქვენი, მაგრამ, დიდნო ბატონნო, უარს როგორ გეტყვით, წავიდეთო,ჩ - შენ გახუავ! უკან, შორი ახლო მოგვყევიო,- უთხრეს.
გაიარეს კიდევ კარგად დიდი გზა. გამოჩნდნენ დიდნი სასახლენი. გაიგეს რომ ცხრათავიანი დევი - ბაყბაყი შინ არ ყოფილა. შეუვარდნენ, ცოლშვილი გაუწყვიტა იახსარმა. გუდანის ჯვარი ყარაულად დადგა გარეთ. გახუა და სამძიმარი(ხახმატის ჯვარი) შიგნით შევიდნენ. გამოტენილი იყო იქაურობა ოქრო ვერცხლით. გახუას ამაზე რჩებოდა თვალი. ხახმატის ჯვარმა უთხრა: ,,ეგ არ გვინდავ, არავ, მე მამყევივ!“
ერთ დიდ ყორეში ხვრელები (შუკუმები) იყო, ხელი ძლივს შეეტეოდა. ,,ამაში შევყავი ხელი, მე ვერ შევხედავ, რაც შეგხვდება გამოიღეო,“- უთხრა ხახმატის ჯვარმა გახუას. გახუამაც შეჰყო ხელი. თითოეულ შუკუმშიმკლავის სისქე დაგრეხილი გველი იყო. ხელი ვერ ახლო გახუამ, მაგრამ ხახმატის ჯვარმა შესძახა: ,,ეეგივ, ეგივ, გამაიღივ.“ არ იყო საშველი მოკიდა ხელი და თითო ყორიდან (შუკუმიდან) თითო-თითო გველი გამოათრია. ერთი ხურჯინი აავსეს. ,,რად გინდა ეს გველ-ბაყაყები, კაი რამე წავიღოთო,“- უთხრა გახუამ. ,,არ იცი რა არის ეს და შემდეგ გაიგებო,“- უთხრა ჯვარმა. ბაყბაყმა არ მოგვისწროს, თორემ ხათაბალა გახდება, შენი უფრო გვეშინია, ჩვენ კი ვერაფერს გვიზამსო. ერთი ოქროს ფანდური ვნახეთ და ისიც წამოვიღეთ.
ჩქარა წამოვედით. დიდძალი გზა გამოვიარეთ. ეხლა სამშვიდობოს გვეგონა თავი. ერბაშად რაღაც გუგუნი მოგვესმა. გავიხედეთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. თანდათან მოგვიახლოვდა გუგუნი. ერთბაშად გალოპილ და ძირით მოგლეჯილ წიფლებმა გაიღო ზუზუნ-ზუზუნი. აი, ხათაბალაო, თქვა იახსარმა, ბაყბაყი მოგვდევსო. ხანდახან შემოსრეულ წიფლებს უკან გაისვრიდა დალოცვილი. გამოვედით სამშვიდობოს. ეხლა აღარა გვიჭირს რაო.
დავსხედით, დავისვენეთ. ჩავიხედეთ ხურჯინში, რას ვხედავთ: სულ თვალ-მარგალიტით ამოტენილია ეს ხურჯინი. ეს რაა, გველები ჩავსხით და ამდენი მარგალიტები საიდან მოვიდა, თქვა თავისთვის გახუამ. ,,არ იცი, გახუავ, გველად გეჩვენებოდა ეს ძვირფასი განძიო,“ უთხრა ხახამატის ჯვარმა.


ა. გაჩეჩილაძე, ,,გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ., 1959წ, გვ 20-22








მ ი ნ დ ი ა გ უ გ უ ლ ე ბ ი ს ქ ვ ე ყ ა ნ ა შ ი

ქაჯეთიდან გამოპარულ მინდიას გზა არევია, არხოტის ნაცვლად, გუგულების ქვეყანაში მისულა. უკითხავთ სადაურობა და მათთან მისვლის მიზეზი. მინდიას თავისი თავგადასავალი უამბნია. ცალთვალა გუგულმა უსაყვედურათურმე მინდიას, - ,,გახსოვს არხოტში ყორეზე მჯდომარეს ქვა რო მესროლე და თვალთ გამამთხარე, რას მერჩოდი, არხოტში გაზაფხული მე მამყვანდაო.“ მინდიას გაახსენდა ბავშვობისდროინდელი საქციელი, ეწყინა და პატიება თხოვა ცალთვალას.
გუგულები წიწკებით ( ხის გამხმარი წვრილი ტოტებით ა. ც.) აშენებულ სახლებში ცხოვრობდნენ.იმ დღეს გუგულებმა უეცრად ჩოჩქოლი შექმნეს. დაიწყეს სიმაგრეების აშენება. სახლებს ჩულავდნენ, კარებს ამაგრებდნენ. იკითხა მათი შეშფოთების მიზეზი მინდიამ. ,,ლაშქარი გვეცემისო ჭკათა“- გაიძახოდნენ გუგულები. მართლაც, მოფრინდა შავი ლაშქარი ჭკათა და დაუწყეს რბევა გუგულთა სამფლობელოს. მინდი ჯოხით დარევია მომხვდურებს და ამოუჟლეტია. გუგულებს შეუყვარებიათ ხოგაის ძეი. მინდის უთხრეს: ,,შენ რომ ეს მტერი მოგვაშორე, რასაც გვთხოვ, სუყველას აგისრულებთო. არხოტში წამიყვანეთო - უთხოვია მინდის.
იმავე წუთს გუგულებმა დაიძახეს : ,,ცხვარ მოვლალოთო“. მინდის უნახავს თეთრკრაველიანი გველის ფარა მოდენილა.. მინდი შეშინებულა. გუგულებს გამოუყვანიათ ერთი გველი და მინდის პატივსაცემად დაუკლავთ... გასძნელებია მინდის გველის ხორცის ჭამა, მასპინძლები არ მოშვებიან და ბოლოს დაჰყოლია მათ ნებას. მინდის გველი შეუჭამია. ვეღარ დაუსვენია და ცუდად შექმნილა. მაშინ გუგულების ქალებმა მინდის სამი ლოგინი გაუშალეს და უთხრეს:,,პირველ ლოგინზე დაწექი, რო ვეღარ გაძლო, მეორეზე გადადი, მეორეზე თუ ვერ გაძლო, მესამეზე და დაისვენებო.“
მესამე ლოგინზე მინდიმ მართლაც მოისვენა; როცა მინდის გამოეღვიძა, ნახა იღლიის ძირები დასიებია, ჯამებსავით დაკვრია. გუგულებმა უთხრეს: ,,გაიჭერი ძირები და მკბენარები გადმოვაო.“ დაუჭრია მინდიას იღლიის ძირები და მკბენარები გადმოსულა. მინდიას სიმძიმე დაუკარგავს, ისე დამსუბუქებულა, რომ უბეში ქვა ჩაუდევს, ქარმა არ გამიტაცოსო. გველის ხორცის ჭამის შემდეგ მინდის სმენა საუბარი ხეთა, ფრინველთა, ნადირთა, ყანის ყვავილთა და ბალახთა.
მინდის მიერ დასახიჩრებულ ცალთვალა გუგულს დაავალეს მინდის წაყვანა არხოტში. გუგულებს მინდისათვის საგზურად პურსატანიც მიუციათ, თანაც უსწავლებიათ: ,,ალალი ქვეყნის პურს რამდენ ლუკმასაც მაკბეჩ.იმდენიც მაემატებისო.“
გუგულების ქვეყანას საზღვართან წყალი ჩამოუდიოდა. როცა გუგულები თავის ქვეყანაში ბრუნდებოდნენ და წყალს გამოვიდოდნენ, პატარა ციდაკაცებად იქცეოდნენ, როცა თავის ქვეყნიდან მიდიოდნენ და წყალს გადავიდოდნენ,- ფრინველებად.
...მინდი ამ პურით გაზაფხულზე მოვიდა არხოტში.

ა. გაჩეჩილაძე, გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ., 1959წ, გვ26-27





მ ი ნ დ ი ს წ ა ს ვ ლ ა ქ ი ს ტ ე თ შ ი დ ა მ ი ს ი მ ო კ ვ ლ ა



მინდი ერთხან სისხლის ასაღებად წასულა ქისტეთს. თერეთეგოს ნდომია მისვლა მეგობარ ალდიძესთან, მაგრამ ცუდი ტაროსის გამოგზა არევია და მისულა მოსისხლეების სოფელ მიზუმში. ქისტის ქალმა იცნო მოსისხლე, მინდი ციხეში შეიტყუა. მინდის თან ყავდა თავის ძმაი და კვირიკა ჯაბუშანური. ქალმა ხმა გაუტეხა (დაყარა, დააგდო) სოფელში,რომ მინდი დავიჭირეთო. მოსულან ქისტები, შემოხვევიან ციხეს, კვირიკა გადმომხტარა ჩარდახიდან და გაქცეულა. მინდის უთქვამს ძმისთვის: გადავხტები და გადმომყევიო. ძმა ბეჩავ ყოფილა, ტირილი დაუწყია; ვერ გადმოვხტებიო. მინდიმ თავი დასთმო და ძმა ვერა. ქისტებს მინდისათვის მოტყუებით იარაღიჩამოუხსნიათ, ხელები შეუკრავთ და მერე მოუკლავთ. ქისტებს მინდისათვის გული ამოუჭრიათ, დაუნაწილებიათ, ორსული დედაკაცისთვის უჭმევიათ; იქნებ მინდის გული ჩედვას, მინდის ფერ ბალღები დაიბადნენ.


ა. გაჩეჩილაძე, გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ., 1959წ, გვ28

1 comment:

StorytimeGeo said...

"მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში"

ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო ეს წიგნი?