სასიმინდეში შემოსული გველი
ოჯახში შემოსული გველის მოკვლა არ შეიძლება, აკრძალული იყო , დოვლათის მომტანია. ვასილ ხვედელიძეს ბეღელში ჰქონია სიმინდი ჩაყრილი. გამოჰქონდა, ფშვნიდა, ფქვავდა და ხარჯავდა, მაგრამ ბეღელში თურმე, სიმინდს არ აკლდებოდა. ერთხელ შესულა ბეღელში ვასილი და ხედავს, რომ სიმინდზე დიდი გველია გადაწოლილი. გამობრუნებულა სახლში. წამოუღია გარბატი, მოუკიდებია ცეცხლი და მიუახრჩოლებია სიმინდზე გაწოლილ გველისათვის. გველი წასულა. ბარაქაც თან წაუღია. ბეღელი სულ მალე დაცარიელებულა. გველი ხანდახან მივიდოდა ვინმეს სახლში. მნახველი მას არ ერჩოდა. უვნებლად უნდა გაეშვათ. მის სახელზე რძესაც დგამდნენ საქონლის ბაკში. ხშირად ძროხასაც მოსწოვდა ხოლმე. ძროხა არ უძალიანდებოდა მას.
მთქმელი მაკარ ხვედელიძე. ჩამწერი ა. ცანავა. ს. დიდი რგანი (ჭიათურის რაიონი), 1979 წელი არქივი ი 314, გვ 95
მე მაქვს ვენახი სოფლის ბოლოზე, ჩემს ვენახს ემიჯნება ჩემივე მეზობლის დიმიტრი გვარაძის ვენახი. ერთხელ ჩემს ვენახში ვნახე დიდი ჭრელი გველი. რომ დამინახა არ განძრეულა. ბარის მოსატანად წავედი, მინდოდა მომეკლა, მაგრამ უცბად მეზობლის ვენახში გადავიდა. მე ეს ამბავი დიმიტრის ვუთხარი. მას კი თავის მეუღლისთვის ეთქვა. მეორე დღეს მეუღლე მომვარდა და შემეხვეწა: შენი ჭირიმე ის გველი კიდევ რომ ნახო შენს ვენახში არ მომიკლა, ის ჩემი სალოცავია, ჩემი ვენახის ღვთაებააო.
-
მთქმელი აბესალომ გოცირიძე. 72 წლის . ს. ზემო ნიქოზი. (გორის რაიონი) ჩამწერი ა. ცანავა. 1980 წლის ივლისი. ფ.არქივიქ 332, გვ 96
გველი განძის მოდარაჯე
ქვის ქვეშიყო ჩვენი დაამძრახავი, იმის სახელის ხსენება არ შეიძლება, უხსენებელია. უხსენებელი ნატვრისთვალს გამოიტანს და ათამაშებს . ვისაც ეს თვალი ჩაუვარდება ხელში, მდიდრდება. რასაც ინატრებს ყველაფერი უსრულდება. სოფელ შინდისის ბოლოს მთვარაძეების ბაღია. გადმოცემით აქ იყო დამარხული დიდი განძი და ამ განძს დარაჯობდა დიდი გველი. დედაჩემს თავის თვალით უნახია ის გველი: სიმდიდრე უყვარს და იმიტომ დარაჯობსო.
ხვითოს მრავალიდან ერთ -ერთი გველი დებს
გველები ხვითოს მარტის თვეში ათამაშებენ. წიწილებს მაისის თვეში ყრიან. ხვითოს მრავალიდან ერთ -ერთი გველი დებს . ეს ხვითო კვერცხი გველებმა უნდა გადაყლაპონ, კაცს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. ამიტომ ერთად ჯარდებიან, ყველა დარაჯობს ვინმემ არ წაგვართვასოთუ ეს კვერცხი კაცმა ჩაიგდო ხელში, საბუდარში უნდა ჩადოს (არავინ არ უნდა იცოდეს მპოვნელის მეტმა). ქვეშ ერთ მანეთს დაუდებს. ხვითო ყოველდღე თითო მანეთს დებს. ხვითოს პოვნის ამბავი თუ მეორე პირმა გაიგო, მას ძალა ეკარგება. ფულს არ დადებს. მპოვნელს შეუძლია წყალში ამოავლოს ხვითო, ხვითოამოვლებული წყალი კურნავს ჭრილობებსა და სხვა სახის ავადმყოფობას.
ჩვენს სოფელში (ნოქალაქევში) ცხოვრობდა ღარიბი გლეხი ტარიელ ბაღათურია, ხუთი შვილი ჰყავდა. ეს ღარიბი კაცი უეცრად გამდიდრდა.ხალხი ამბობდა: ხვითო იპოვა, ალბათ იმან თუ გაამდიდრაო.
ხვითოს მოპოვებას მოხერხება უნდა. უნდა დაუდარაჯდეს კაცი, ხვითოობის თვეს,გველების გამოსვლას, მიეპაროს და ისე ესროლოს ქუდი, ხვითო ქვეშ მოჰყვეს, შემდეგ გამდინარ წყალში აქეთ - იქით გავიდეს, რათა დადევნებულმა გველებმა ნაკვალევი ვერ იპოვონ.
ხვითოს მქონებელ ოჯახში ყველაფერს ბარაქა ემატება, ფქვილი, ღვინო, ყველი დიდხანს არ ილევა. თვითონაც უკვირთ, რა ამბავია, ეს ფქვილი არ ილევა გველი რომ ოჯახში შემოვა, იმის მოკვლა არაფრით არ შეიძლება. მე ბავშვი ვიყავი, ეს ამბავი არ ვიცოდი და ქათმის საბუდარში ნანახი ძალიან შავი გველი მოვკალი. მეზობლებმა რომ გაიგეს მითხრეს : ეს ძალიან ცუდი რამე გაგიკეთებიაო. მართლაც იმავე წელს საქონელი ჭირმა გაგვიწყვიტა, ახალაშენებული, დაუმთავრებელი სახლი ქარმა გადაგვიგდო. ოჯახის მარჩენალი უფროსი კაცი დავკარგეთ.
მთქმელი ნინო სპირიდონის ასული სიგუა. ჩამწ. ა. ცანავა. 1979 წ 10 სექტემბერი. პირადი კოლექციიდან.
გველის თვალი ხმელ კაკალს ანედლებს
გველის თოლი (თვალი) ჩვენებს (ბიძაჩემს) ჰქონდა. მას ერთხელ სოფელ თოთის ზემოთ, წყაროსთან ენახა ერთი დიდი გველი, რომელიც თვალს ათამაშებდა. ორკაპი ჯოხი ჰქონია თან. დაუბჯენია ეს ჯოხი და უთქვია: ალალი ხარ თუ არამიო; ენა გამოუყვია გველს და ამით უნიშნებია - ალალი ვარო. გველი არ მოუკლავს თვალი აუღია და უბეში ჩაუდვია. წაუღია და დაუმარხავს გამხმარი ეკლის ძირას. ერთ თვეში ეკალი ძალიან აყვავებულა. ეს იმას ნიშნავდა , რომ თვალი შემძენია და შეიძლებოდა მისი სახლში წამოღება. წამოუღია და ჩაუდვია ერბოს ქილაში. ამის შემდეგ ოჯახში ერბო, ფქვილი, მატყლი, რძე და ყველი არ ილეოდა. ძალიან გამდიდრებულან.
ეს თვალი, ბიძაჩემმა ივანე ხულელიძემ) რომ ნახა, არავინ არ იცოდა მის მეტმა. თუ სხვა გაიგებდა ამ ამბავს, თვალი ძალას კარგავდა.
გველის თვალი მრგვალი იყოვო, ჩიტის კვერცხის ტოლა, თან სხვადასხვა ფერისა (წითელი, ყვითელი, თეთრი, მწვანე და ლურჯი). ეს ფერები კვერცხს ზოლებად ეკვროდა. ასეთ თვალს გველები ტყეში პოულობენ. მას არამი გველი ვერ იპოვის.
მთქმ. ვლადიმერ სიმონის ძე ხულელიძე, 98 წლის . ჩამწ. ა. ცანავა, სოფ. არშა (ყაზბეგის რ. ). 1979 წ. ივლისი, ფ.არქ. ა. ცანავას წარმოდგენილი მასალები, რვ. N 2.
No comments:
Post a Comment