Wednesday, December 3, 2008

მითი

მითი, მითოსი ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ამბავს. მითები მოგვითხრობდნენ ღმერთებისა და გმირების, სამყაროს შექმნისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. დღეს ამ ძველ გადმოცემებს შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც მითოლოგია ჰქვია.
მითი მოაზროვნე ადამიანის უძველესი ქმნილება და თანამგზავრია. ის არც ისტორიაა, არც რელიგია, არც ზღაპარი და არც ლეგენდა, მაგრამ თითოეული მათგანის ელემენტებს შეიცავს. მასში ყოველთვის არის სინამდვილის ნაწილი, რომელსაც ზღაპრული ელფერი დაჰკრავს. მითები უმეტესწილად მოგვითხრობენ ხალხის მიერ სათაყვანებელი ღმერთებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ მებრძოლი გმირები შესახებ.
ადამიანები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს - მზეს, მთვარეს, ვარსკლავებსა და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს. ამას გარდა, ადამიანის საქმიანობის ყოველ სფეროს - მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მონადირეობას, ხელოსნობას - თავისი მფარველი ღვპთაება ჰყავდა. ადამიანის ცნობიერების ამ პერიოდს მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა ეწოდება.
ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამდე ქართველ ხალხსაც საკუთარი ღმერთები და გმირები ჰყავდა. მითები მათ შესახებ შემონახულია ძველ წიგნებსა და ზეპირსიტყვიერებაში. სხადასხვა თქმულებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე მოაღწიეს ჩვენამდე ქართულმა მითებმა.
არაზღაპრული ხალხური პროზის სპეციფიკური ჟანრები მემორატები (ბილიჩკები) და ფაბულატები (ბივალშჩინები) მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. აქ ამა თუ იმ მითური პერსონაჟის გასაოცარი, გასაკვირველი თავგადასავალი ნამდვილობის პრეტენზიითაა გადმოცემული. თხრობის მხატვრულობას ნაკლები ყურადღება ექცევა. მემორატისა და ფაბულატის შესატყვისი ქართული ტერმინი არ გაგვაჩნია. მემორატი გადმოგვცემს მითოლოგიური პერსონაჟის ერთ რომელიმე მოქმედებას, რომელიც გასაკვირველია და სიუჟეტურად მოკლე. ფაბულატში პერსონაჟების მოქმედება გართულებულია, ამდენად, სიუჟეტურადაც უფრო ვრცელია. ქართული მემორატული და ფაბულატური ტიპის მითოლოგიური გადმოცემები მოგვითხრობენ პანთეონის ღვთაებათა ტრიადის წევრებზე (მორიგე ღმერთი, კვირია და მზე); ღვთისშვილების (იგივე ჯვარ-ხატების) ქართულ ოლიმპოდ მიჩნეული გერგეტ-მყინვარის მთასთან ჩამოშვებაზე (დავანებაზე); ღვთისშვილების-კოპალას, იახსარის, შუბნურის, პირქუშის და სხვათა მიერ მიერ დევების ამოწყვეტასა და ადამიანებისათვის საარსებო ტერიტორიის შემოსაზღვრაზე:კულტის დაარსებასა და ხთონური (მიწისქვეშა) სამყაროდან ეტალონური ფასეულობების მოპოვებაზე; სამონადირეო მითური პერსონაჟების (დალი, ტყაშმაფა, მესეფი, ოჩოკოჩი და სხვა) ადამიანებთან გასაოცარ, საკვირველ ურთიერთობაზე; ბოლოს კი მეზირის (გველის) კულტის ამსახველ მემორატებსა და ფაბულატებზე.

No comments: