Thursday, December 4, 2008

ქართული მითოლოგიის პერსონაჟები

ადგილის დედა

ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.

ალი

ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმები). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.



ამბრი

ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება “ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.



ამირანი

ქართულ მითოლოგიაში გმირი; “ამირანიანის” ეპოსის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია ( ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია). ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს - ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას - ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება. ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში”. ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.



არმაზი

ქრისტიანობის გავრცელებამდე აღმოსავლეთ საქართველოს (ივერიის) პანთეონის მთავარი ღვთაება. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. მე-3 ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (მე-4 ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.



ბარბალე

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.



ბატონები

ქართულ მითოლოგიაში ინფექციური დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელი. ცნობილია წითელას (წითელა ბატონები), ყივანახველას (ხველა ბატონები), ყვავილის (დიდი ბატონები) და სხვა დაავადებების მომტანი ბატონები. ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას “ბატონებო” (ან “იავ-ნანას”). სიტყვა ბატონები აგრეთვე ინფექციური დაავადებების ხალხური დასახელებაა.



ბაყბაყ-დევი

ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცი, ერთ-ერთი დევი. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს.



ბედის მწერლები

ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის ბედს განაგებს. ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით. არსებობენ გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა.




ბერი-ბერა

ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი-ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.



ბერიკა

ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაება; უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ. ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის - ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.




ბოსელი

ქართულ მითოლოგიაში შინაურ ცხოველთა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება. ქართული სამესაქონლეო და აგრარული დღესასწაულის - ბოსლობის, აგრეთვე ღვთაების სახელის და ეპითეტების ანალიზის საფუძველზე ბოსელის, როგორც ღვთაების თავდაპირველი სახე მწარმოებელი ხარის სახით წარმოგვიდგება. საახალწლო დღესასწაულთა ციკლში ბოსელს აგრეთვე ბერი და ბასილი ეწოდება.



ბოჩი

ქართულ მითოლოგიაში ღვთაება, რომელიც კავკასიონის ქედის შვიდ მწვერვალზე სუფევს. ბოჩის სახელს უკავშირდება გარეულ ცხოველთა ყოფა-ცხოვრებაში შემორჩენილი სახელები “ოჩი” და “ვოჩი”. რიგი მკვლევარებისა თვლის, რომ ბოჩი მესაქონლეობის და მიწის ნაყოფიერების უძველესი ღვთაების სახელია.



გაცი და გაიმი

ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება



გველისფერი

ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარე, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.



გიორგი

ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟი. რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).



დალი

ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.



დედაბერი

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ზოგი მათგანი კაცთმოყვარეა, კეთილგანწყობილი და ეხმარება გმირებს, ზოგი კი პირიქით, ადამიანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთ ემორჩილებიან ბუნებრივი სტიქიები, რომელთაც ისინი იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ გმირს მიზნის განხორციელებაში.



დევი

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ბოროტი სულები. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.



დობილნი

ქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში) ღვთაებათა დამხმარე სულები. გადმოცემების თანახმად, დობილნი პატარა ბავშვების და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან ბურთის სათამაშოდ. შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შედეგადაც იგი ავად ხდება. როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება ხოლმე, დობილნი სოფლებს შეესევიან და მათ მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. დობილნი ძირითადად მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ვნებენ, რადგან მამაკაცებს ვერ უმკლავდებიან. სოფლებში მათდამი მიძღვნილი სპეციალური სამლოცველოები შენდებოდა ხოლმე.



ვეშაპი

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ზოომორფული არსებები, ურჩხულები. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპი მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ (ყველაზე ძლიერ) ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა.



ზადენი

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ.წ. მე-2 ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა.



თედორე (თევდორე)

ქართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაება; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა. თედორე ითვლება “დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად” და მოიხსენიება, როგორც “დიდი ბატონი”. თედორეს ეპითეტი “შავი”, “შავგვრემანი” მიწის შავ ფერს შეესაბამება. თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული “თედორობა”, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს აცხობდნენ სარიტუალო პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა (ცხენების) გამოსახულებებით, აწყობდენ რიტუალურ თესვას.



იახსარი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.




კვირია

ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.




კოპალა

ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ. მითის ზოგ ვარიანტში კოპალა ერწყმის იახსარს ერთ პერსონაჟად ან მის ორეულად გვევლინება (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა). კოპალას მთავარი სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ.




კუდიანი

ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის - როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან.



მამბერი

ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.



მაცილი

ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები საიქიოდან. აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს.



მზეთუნახავი

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად.



მინდორთ ბატონი

ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველი. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.



მიჭპა

ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაება - მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველი ზამთრის პერიოდში.



ნაწილიანი

ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.



ოჩოკოჩი

ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩის სხეული ჟანგისფერი თმით არის დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც ოჩოკოჩი შუაზე სჭრის მის მოწინააღმდეგეს. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.


ოჩოპინტრე, ოჩოპინტე

ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.



პირქუში

ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.



რაში

ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენები; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ. რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლისმფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელი

ფასკუნჯი

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველი. ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს.
ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.






ქ ა ჯ ი

ქართულ მითოლოგიაში სულები; უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.





ღ მ ე რ თ ი

ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის (მორიგე-ღმერთი), აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები - ხვთისშვილები. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის “ნაწილებში”, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს მისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.






ყ ა მ ა რ ი

ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).





ხ ვ თ ი ს შ ვ ი ლ ი

ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.






ჯ ვ ა რ ი

ქართულ მითოლოგიაში (ხევსურებში) ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები “ხვთისშვილი”, “ღვთისნადები”. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. ფშავში და თუშეთში ჯვარს ხატი შეესაბამება.


მეზირის კულტის ამსახველი მითები

სასიმინდეში შემოსული გველი

ოჯახში შემოსული გველის მოკვლა არ შეიძლება, აკრძალული იყო , დოვლათის მომტანია. ვასილ ხვედელიძეს ბეღელში ჰქონია სიმინდი ჩაყრილი. გამოჰქონდა, ფშვნიდა, ფქვავდა და ხარჯავდა, მაგრამ ბეღელში თურმე, სიმინდს არ აკლდებოდა. ერთხელ შესულა ბეღელში ვასილი და ხედავს, რომ სიმინდზე დიდი გველია გადაწოლილი. გამობრუნებულა სახლში. წამოუღია გარბატი, მოუკიდებია ცეცხლი და მიუახრჩოლებია სიმინდზე გაწოლილ გველისათვის. გველი წასულა. ბარაქაც თან წაუღია. ბეღელი სულ მალე დაცარიელებულა. გველი ხანდახან მივიდოდა ვინმეს სახლში. მნახველი მას არ ერჩოდა. უვნებლად უნდა გაეშვათ. მის სახელზე რძესაც დგამდნენ საქონლის ბაკში. ხშირად ძროხასაც მოსწოვდა ხოლმე. ძროხა არ უძალიანდებოდა მას.

მთქმელი მაკარ ხვედელიძე. ჩამწერი ა. ცანავა. ს. დიდი რგანი (ჭიათურის რაიონი), 1979 წელი არქივი ი 314, გვ 95

გველი ვენახის ღვთაებაა

მე მაქვს ვენახი სოფლის ბოლოზე, ჩემს ვენახს ემიჯნება ჩემივე მეზობლის დიმიტრი გვარაძის ვენახი. ერთხელ ჩემს ვენახში ვნახე დიდი ჭრელი გველი. რომ დამინახა არ განძრეულა. ბარის მოსატანად წავედი, მინდოდა მომეკლა, მაგრამ უცბად მეზობლის ვენახში გადავიდა. მე ეს ამბავი დიმიტრის ვუთხარი. მას კი თავის მეუღლისთვის ეთქვა. მეორე დღეს მეუღლე მომვარდა და შემეხვეწა:
შენი ჭირიმე ის გველი კიდევ რომ ნახო შენს ვენახში არ მომიკლა, ის ჩემი სალოცავია, ჩემი ვენახის ღვთაებააო.
    • მთქმელი აბესალომ გოცირიძე. 72 წლის . ს. ზემო ნიქოზი. (გორის რაიონი) ჩამწერი ა. ცანავა. 1980 წლის ივლისი. ფ.არქივიქ 332, გვ 96


გველი განძის მოდარაჯე

ქვის ქვეშიყო ჩვენი დაამძრახავი, იმის სახელის ხსენება არ შეიძლება, უხსენებელია. უხსენებელი ნატვრისთვალს გამოიტანს და ათამაშებს . ვისაც ეს თვალი ჩაუვარდება ხელში, მდიდრდება. რასაც ინატრებს ყველაფერი უსრულდება. სოფელ შინდისის ბოლოს მთვარაძეების ბაღია. გადმოცემით აქ იყო დამარხული დიდი განძი და ამ განძს დარაჯობდა დიდი გველი. დედაჩემს თავის თვალით უნახია ის გველი: სიმდიდრე უყვარს და იმიტომ დარაჯობსო.

მთქმელი: სონა მიხეილის ასული გეურქოვი, 70 წლის, სოფ შინდისი. (გორის რაიონი) ჩამწერი ა. ცანავა 1980 მწელი ფ. არქივი. ქ332 გვ2

ხვითოს მრავალიდან ერთ -ერთი გველი დებს

გველები ხვითოს მარტის თვეში ათამაშებენ. წიწილებს მაისის თვეში ყრიან. ხვითოს მრავალიდან ერთ -ერთი გველი დებს . ეს ხვითო კვერცხი გველებმა უნდა გადაყლაპონ, კაცს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. ამიტომ ერთად ჯარდებიან, ყველა დარაჯობს ვინმემ არ წაგვართვასოთუ ეს კვერცხი კაცმა ჩაიგდო ხელში, საბუდარში უნდა ჩადოს (არავინ არ უნდა იცოდეს მპოვნელის მეტმა). ქვეშ ერთ მანეთს დაუდებს. ხვითო ყოველდღე თითო მანეთს დებს. ხვითოს პოვნის ამბავი თუ მეორე პირმა გაიგო, მას ძალა ეკარგება. ფულს არ დადებს. მპოვნელს შეუძლია წყალში ამოავლოს ხვითო, ხვითოამოვლებული წყალი კურნავს ჭრილობებსა და სხვა სახის ავადმყოფობას.
ჩვენს სოფელში (ნოქალაქევში) ცხოვრობდა ღარიბი გლეხი ტარიელ ბაღათურია, ხუთი შვილი ჰყავდა. ეს ღარიბი კაცი უეცრად გამდიდრდა.ხალხი ამბობდა: ხვითო იპოვა, ალბათ იმან თუ გაამდიდრაო.

ხვითოს მოპოვებას მოხერხება უნდა. უნდა დაუდარაჯდეს კაცი, ხვითოობის თვეს,გველების გამოსვლას, მიეპაროს და ისე ესროლოს ქუდი, ხვითო ქვეშ მოჰყვეს, შემდეგ გამდინარ წყალში აქეთ - იქით გავიდეს, რათა დადევნებულმა გველებმა ნაკვალევი ვერ იპოვონ.
ხვითოს მქონებელ ოჯახში ყველაფერს ბარაქა ემატება, ფქვილი, ღვინო, ყველი დიდხანს არ ილევა. თვითონაც უკვირთ, რა ამბავია, ეს ფქვილი არ ილევა გველი რომ ოჯახში შემოვა, იმის მოკვლა არაფრით არ შეიძლება. მე ბავშვი ვიყავი, ეს ამბავი არ ვიცოდი და ქათმის საბუდარში ნანახი ძალიან შავი გველი მოვკალი. მეზობლებმა რომ გაიგეს მითხრეს : ეს ძალიან ცუდი რამე გაგიკეთებიაო. მართლაც იმავე წელს საქონელი ჭირმა გაგვიწყვიტა, ახალაშენებული, დაუმთავრებელი სახლი ქარმა გადაგვიგდო. ოჯახის მარჩენალი უფროსი კაცი დავკარგეთ.

მთქმელი ნინო სპირიდონის ასული სიგუა. ჩამწ. ა. ცანავა. 1979 წ 10 სექტემბერი. პირადი კოლექციიდან.

გველის თვალი ხმელ კაკალს ანედლებს

გველის თოლი (თვალი) ჩვენებს (ბიძაჩემს) ჰქონდა. მას ერთხელ სოფელ თოთის ზემოთ, წყაროსთან ენახა ერთი დიდი გველი, რომელიც თვალს ათამაშებდა. ორკაპი ჯოხი ჰქონია თან. დაუბჯენია ეს ჯოხი და უთქვია: ალალი ხარ თუ არამიო; ენა გამოუყვია გველს და ამით უნიშნებია - ალალი ვარო. გველი არ მოუკლავს თვალი აუღია და უბეში ჩაუდვია. წაუღია და დაუმარხავს გამხმარი ეკლის ძირას. ერთ თვეში ეკალი ძალიან აყვავებულა. ეს იმას ნიშნავდა , რომ თვალი შემძენია და შეიძლებოდა მისი სახლში წამოღება. წამოუღია და ჩაუდვია ერბოს ქილაში. ამის შემდეგ ოჯახში ერბო, ფქვილი, მატყლი, რძე და ყველი არ ილეოდა. ძალიან გამდიდრებულან.
ეს თვალი, ბიძაჩემმა ივანე ხულელიძემ) რომ ნახა, არავინ არ იცოდა მის მეტმა. თუ სხვა გაიგებდა ამ ამბავს, თვალი ძალას კარგავდა.
გველის თვალი მრგვალი იყოვო, ჩიტის კვერცხის ტოლა, თან სხვადასხვა ფერისა (წითელი, ყვითელი, თეთრი, მწვანე და ლურჯი). ეს ფერები კვერცხს ზოლებად ეკვროდა. ასეთ თვალს გველები ტყეში პოულობენ. მას არამი გველი ვერ იპოვის.

მთქმ. ვლადიმერ სიმონის ძე ხულელიძე, 98 წლის . ჩამწ. ა. ცანავა, სოფ. არშა (ყაზბეგის რ. ). 1979 წ. ივლისი, ფ.არქ. ა. ცანავას წარმოდგენილი მასალები, რვ. N 2.

სამონადირეო მითები დევები და ქაჯები

დ ა ლ ი ს ს ა მ ყ ო ფ ი გ ა მ ო ქ ვ ა ბ უ ლ ი ო ქ რ ო ს ი ა.

ვისაც დალი უნახავს,მისი გადმოცემით,დალის თეთრი ტანსაცმელი აცვია.ოქროს ნაწნავები აქვს.ცხოვრობს გამოქვაბულში(თეთნულდის ახლომახლო კლდეებში).დალის სამყოფი გამოქვაბული ოქროსია,ისე ანათებს როგორც მზე,მზეზე მეტადაც.აქ მოსული კაცი,თუ დალის არ მოეწონა,იღუპება,დალი დაღუპავს,რომ არავინ გაიგოს მისი სამყოფი ადგილი.ვინც მოეწონება,მასთან ინტიმურ კავშირს ამყარებს და აფრთხილებს, პირობას ადებინებს,რომ არსად გაამხილოს დალის სამყოფი ადგილი და მასთან კავშირის ამბავი.დალი უკვდავია.იგი პატრონობს ჯიხვებს. ჯიხვების ჯოგს სადაც უნდა გარეკავს.მონადირესაც გარკვეული რაოდენობის ნადირს მოაკვლევინებს.ურჩ მონადირეებს კლდეზე გადაჩეხავს.დალებს განაწილებული ჰყავთ ჯიხვები.გამოქვაბულში ერთი დალი ცხოვრობს.ისე დალი რამდენიმე შეიძლება იყოს.

მთქმელი ალ დევდარიანი, ჩამწერი ა. ცანავა ს. ჭოლაში(მულახის თემი, მესტიის რაიონი) 1976 წ, ფ. არქ. სვ.294,გვ.5

მ ო ნ ა დ ი რ ი ს უ ც ნ ა უ რ ი თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ი

იყო ერთი მონადირე გოჯი ზურებიანი, ცხოვრობდა სოფ. ჟაბეშში (მესტიის რაიონი). ერთ დღეს მარტო წავიდა სანადიროდ. ღამის გასათევად შევიდა ადრე შეგულვებულ გამოქვაბულში. შეუდგა ვახშმის სამზადისს. ხურჯინიდან ამოალაგა პური , არაყი. სანამ ლოცვას შეუდგებოდა და ჭამას დაიწყებდა, გამოქვაბულში შემოვიდა ზურებიანის მეზობელი გოჯი კახიანი. მიესალმნენ ერთმანეთს. ზურებიანს გაუხარდა გოჯის მოსვლა. კახიანს იარაღი არ ჰქონდა თან.
- იარაღი სადა გაქვსო?
- გარეთ დავტოვეო.
- შიგნით შემოგეტანაო?
- გარეთ არაფერი უჭირსო.
ორივემ ილოცა. არაყი დალიეს, ცოტა საჭმელი შეჭამეს. კახიანმა უთხრა ზურებიანს:
- ამაღამ მთვარიანი ღამეა, ჯიხვების სამყოფი ადგილი ვიცი,წავიდეთ და მოვკლათო.
- ღამე ნადირობა არავის გაუგია,გათენდეს და მერე ვნახოთო.
კახიანმა დაიჯინა. ზურებიანი გამოიყვანა გამოქვაბულიდან. დააპირეს წასვლა, მაგრამ კახიანმა იარაღი არ აიღო.
- მე იარაღი არ მჭირდებაო.
შეყვნენ კამათს. სტაცა კახიანმა ხელი ზურებიანს. დაუწყეს ერთმანეთს ცემა. როგორც იქნა ზურებიანმა იმარჯვა, ჰკრა ხელი და ციცაბო კლდიდან გადაჩეხა. ზურებიანი დაბრუნდა გამოქვაბულში. ბევრი ინანა, ეს რა მომივიდა - მეზობელი შემომაკვდა.ძილი არ მიეკარა. დილით ადრე ადგა. ნახა ის ადგილი, საიდანაც მეზობელი გადააგდო. აქედან გადაგდებული კაცი კი არა, ქვაც არ გადარჩებოდა. ჟრუანტელმა დაუარა და სახლისაკენ გაუდგა გზას. სანამ სახლში მივიდოდა, ნახა, რომ, გოჯი კახიანი და მისი ძმა სათიბს თიბავდნენ სახლის ახლოს . ზურებიანმა გამარჯობა არ უთხრა.
- რას გვემდური გოჯი, ყოველთვის ნანადირევით დატვირთული არავინ მოდის, მაგრამ გამარჯობას კი ამბობენო.
- ნანადირევთან არა მაქს საქმე, მე თქვენთან მექნება საქმე დღეიდანო.
ძმებს გაუკვირდათ. მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ. დაიწყეს ერთმანეთს შორის მოციქულობა. კახიანმა გაიგო თუ რა ბრალი ედებოდა მას, მაგრამ იმ ღამეს კახიანი სახლიდან არ გასულა. ფიცზე გავიდა კახიანი თავის ძმასთან ერთად.
დარწმუნდა ზურებიანი, რომ იმ ღამეს მასთან კახიანი არ ყოფილა. მას გოჯის სახით ტყეში მცხოვრები ტყის კაცი ან სხვა არსება მოევლინა.

მთქმელი ალ. დევდარიანი. ჩამწერი ა. ცანავა. ს. ჭოლაში (მულახის თემი, მესტიის რ.) 1967 წ. ფ. არქ. ავ. 294,გვ 11-14

თ ე თ რ ი ც ე ც ხ ლ ი ს ს ა ხ ი ს ა ნ გ ე ლ ო ს ი


მულახის თემის ჯაჭვლიანთა საგვარეულო კოშკის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს:შებინდებისას,მწვერვალ თეთნულდიდან კოშკში შემოდიოდა მფარველი ანგელოზი თეთრი ცეცხლის სახით.როგორც კი შემოვიდოდა მის სახელზე ლოცვას დაიწყებდნენ.ამ კოშკიდან სხვა საგვარეულოს კაცი მოუკლავთ.ამის შემდეგ თეთრი ანგელოზი არ გამოჩენილა.

მთქმელი ალ. დევდარიანი, 78 წლის. ჩამწერი ა. ცანავა ს. ჭოლაში(მულახის თემი, მესტიის რაიონი) 1976 წ, ფ. არქ. სვ.294,გვ.2



ჯ ი ხ ვ ი ს ფ ე რ ც ხ ა ლ ი (ნ ე კ ნ ი) ხ ი ს ა ა ღ მ ო ჩ ნ დ ა

ერთი ყაზბეგელი მონადირე წასულა მყინვარწვერის მიმართულებით სანადიროდ.ქოხში დაბინავებულა ღამის გასათევად.ღამით რომ დაიძინა,სიზმარი ნახა,თურმე:ერთ ნიშნეულ ადგილას,ვითომ,ჯიხვი მოკლა,გაატყავა დახორცი ააჭრა,ერთი ფერცხული(ნეკნი)ხისა აღმოჩნდა(დეკას ხის ნაჭერი).დილით,იმ ნიშნეულ ადგილასრომ მივიდა,სწორედ ისეთივე ჯიხვი დახვდა როგორიც სიზმარში ნახა.ესროლა თოფი და მოკლა ეს ჯიხვი.როცა გაატყავა და ხორცი აქნა,მართლაც ერთი ფერცხალი (ნეკნი)ხისა ქონებოდა.

მთქმელი დავით წამალაიძე 76წლის, ჩამწერი ა. ცანავა, ს. სიონი(ყაზბეგის რაიონი) 1979 წელი, ივლისი

დ ა ჭ რ ი ლ ი ჯ ი ხ ვ ი ს დ ა ნ ი თ მ ო კ ვ ლ ა ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ა (მ ა ა დ შ ი დ)

დაჭრილ ჯიხვთან ან არჩვთან მისულ მონადირეს აკრძალული ჰქონდა დანა ეხმარა. უნდა დაეცადა სანამ არ მოკვდებოდადაჭრილი ჯიხვი თავისი სიკვდილით. სიკვდილის წინ ჯიხვი თუ შემოხედავდა მონადირეს, სისხლიან ცრემლებს გადმოყრის. ალბათ, ამან შეაშინა მონადირეები და დანის ხმარება აკრძალეს. ასეთ აკრძალვას მაადშიდი ჰქვია.

მაადშიდ ნიშნავს გარკვეული მოქმედების ან თქმის აკრძალვას: არ შეიძლება თავის სახელით ვახსენოთ გველი, თრითინა, თავი დავიბანოთ ორშაბათ დღეს, მოჭრილი ფრჩხილი გადავაგდოთ და ა.შ. ახალ წელს სულის შებერვით ცეცხლის გაჩაღება არ შეიძლება. ამისთვის სახლის უფროსი წინა დღით ამზადებს ბურბუშელას, რომელსაც ნაცარში ჩაყრილ ნაკვერჩხალზე დააყრის, დაუქნევს ბრტყელ ფანერს და ასე გააჩაღებს საახალწლო ცეცხლს. ახალი წლის დილას ლაპარაკიც აკრძალულია, სანამ უფროსი ყველას არ მიულოცავს ამ დღეს. გარდაცვლილის ლოგინზე ორმოცის გასვლამდე არავინ წვება, აკრძალულია (მაადშიდ)

მთქმელი გიორგი ნავერიანი, 81 წ. ჩამწ. ა. ცანავა, ს. მულახი (მესტიის რ) 1976წ, ფ.არქ.სვ.294,გვ.62,67

ა ლ ი ს ს ა ხ ლ შ ი მ ო ყ ვ ა ნ ა

... პაპაჩემი გაბრიელი დაახლოებით ორმოცდაათი წლის ყოფილა, როცა დაქვრივებულა. ერთ ზაფხულს ჩვენს სათიბ - საძოვრებში შუადღემდე რომ უთიბია ბალახი ცელით, მოულოდნელად ტყიდან გამოსულა ერთი თმაგაწეწილი და ტანისამოსშემოხეული ქალი, აუღია ცელის ტარის სიგრძის ჯოხი და სათიბის მეორე მხარეზე დაუწყია ,,თიბვა“. ...პაპაჩემს აჯავრებდა მეც ვთიბავო. პაპას რამდენჯერმე დაუძახნია: -აქ მოდიო, მაგრამ მას ყურიც არ უთხოვებია. მერე პაპა წასულა მისკენ, მაგრამ ის ქალი მაშინვე ტყისკენ გაქცეულა. პაპა დაბრუნებულა და თიბვა დაუწყია. ის ალიც კვლავ გამოსულა და იმასაც დაუწყია ,,თიბვა“. პაპას გული მოსვლია. როგორ დავიჭირო ეს ქალიო და მოუფიქრებიათ: იმ სათიბის ბოლოში-ჭაობში შალაფა ბალახი დაუგლეჯია და თოკი დაუგრეხია. ეს რომ ალმა დაინახა ისიცასე მოქცეულა. პაპამ მაგარი თოხი დაგრიხა, თურმე, ხეს გამოაბა, გაჭიმა -არ გაწყდა. ალიც ასე მოქცეულა... მერე პაპას ამ თოკით თავისი ფეხები მაგრად შეუკრავს , დაუნასკვია ერთი წვერით... ალიც ზუსტად ასე მოქცეულა. მერე პაპა გაბრიელი, უცებ დასწვდა ცელს , ამოისვა ფეხებ შუა და თოკი გასხიპა. ალიც დასწვდა ჯოხს, ამოუსვა თოკს, მაგრამ ჯოხი თოკს ხომ ვერ გასჭრიდა და მერე გახსნა დაუწყო. გაბრიელი მივარდა მასთან, დაიჭირა ალი. ამოიღო დანა და იმით მოაჭრა ალს თმის მარჯვენა მხრის ნაწილი და მარცხენა ხელის ცერა თითის წამოზრდილი ფრჩხილი. ცხვირსახოცში შეახვია და საიმედოდ უბეში ჩაიტენა. შემდეგ შეაჭრა თოკის ნასკვები და გაუშვა, მაგრამ ალი აღარ გაქცეულა და საღამოთი წაყოლია სახლში.

თმა-ფრჩხილის მარჯვენა მარცხენა მხრიდან შეჭრასის მნიშვნელობა ჰქონია, რომ ალი ყოველთვის ადამიანის გვერდით ყოფილიყოშრომასა და ცხოვრებაში და არცერთი მხრიდან ღალატი არ ჩაედინა. ამაზე გლეხები იცინოდნენ და ამბობდნენ: ,,აი, მოხერხებაც ამას ჰქვიაო“.
სახლში მოყვანისთანავე ალს მთელი მეზობლის ბავშვები და დედაკაცები გარს შემოეხვივნენ. პაპაჩემმა გაბრიელმა ერთი ძალუა დედაკაცი გვერდით გაიყვანა, რაღაცეები უთხრა და მერე ალს მიმართა: „-ალიკო! შენ დაღლილი ხარ და მშიერიც, წადი ცოტა ხანს ამ ქალთან , შეგანაყრებენ და მე კი ვახშმის სამზადისს შევუდგებიო. ალი წაყოლია იმ ქალს , სხვებიც გაჰყოლიან თან. გაბრიელს დრო უხელთია. წერაქვი და ნიჩაბი აუღია, სახლში შესულა მარტო, კარები ჩაუკეტავს.მერე შუა კერიის ცეცხლი გადაუბერტყია.ამოუთხრია ღრმა ორმო, თაროდან ცარიელი თიხის ქილა ჩამოუღია,შიგ ჩაუდვია ალის თმა და ფრჩხილი, ზედ სიპი ქვა დაუფარებია. ორმოში ჩაუდვია და მიწა მიუყრია, დაუტკეპნია, ნაცარ-ნაღვერდალი ისევ თავის ადგილზე მიუწევია... ბაკიდან გამოყვანილი ჭედილა დაუკლავს , მერე მიაკითხა, თურმე, ალსა და ქალებს: ახლა მომეხმარეთო. ისინიც მოხმარებიან. ცოტაოდენი სასმელი უშოვიათ და შინაურული ქორწილი გადაუხდიათ. დაღლილ მამაკაცებს და ქალებს მალევე დაუძინიათ. ალიც ცოტა მოშორებით წამოწოლილა გაბრიელთან. როცა ყველას დაუძინია, ალი ამდგარა, გაბრიელის ტანსაცმელი და მთელი სახლი გადაუქოთებია , მაგრამ თავისი თმა და ფრჩხილი ვერ უპოვნია.
ალებს წესად აქვთ: სანამ მათი თმა და ფრჩხილები ვინმესთან იქნება გადამალული, როგორც ძვირფას განძს ისინი ეძებენ. თუ ვერ იპოვეს ბედს ემორჩილებიან , იმ კაცთან რჩებიან, ხოლო თუ მიაგნეს, მაშინვე გაიტაცებენ და ისევ ტყეში გაიქცევიანო. ჰოდა, იმ ალმაც რახან ვერ იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, დარჩა გაბრიელთან, როგორც ერთგული ცოლი და მეგობარი. ყველაფერს, თურმე კარგად აკეთებდა, მუშაობდა ქმართან გარე სამუშაოზე. ოჯახსაც წესიერად უვლიდა.
გავიდა ერთი წელი. პაპაჩემი გაბრიელი ოჯახის ბავშვმა გააბრაზა, რისთვისაც ორიოდე სილა წაუთაქა. როცა გაბრიელი შორს სამუშაოზე წავიდა, ბავშვმა სამაგიერო გადაუხადა: მივიდა ალთან და ასე უთხრა: - მე მაღლა ბანის სარკმლიდან ჩუმად ვუყურებდი პაპას, როცა თმა და ფრჩხილები კერის ცეცხლის ქვეშ დამალა მიწაშიო.
ალი სწრაფად ეცა კერიას. ამოთხარა, იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, გაიტაცა თან და ისევ ტყისკენ გაიქცა. მას დიდხანს ეძებდა გაბრიელი, მაგრამ ამაოდ. ალი ვეღარსად იპოვა.















მ ი თ უ რ ი ყ უ რ შ ა


ძველად სწამდათ, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ორბის ბუდეში, სხვა ბარტყთა შორის ერი ლეკვი გამოიჩეკება ხოლმეორბის კვერცხისაგან.
ყურშა ორბის ლეკვი ყოფილა. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და თურმე არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი იყო, ორ ნახტომზე ჯიხვს ეწეოდა, მესამე გადახტომას სათაკილოდ სთვლიდა, მისი ყეფა ცის გრგვინვას ჰგავდა, ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა , თვალები კი მთვარის ოდენი. ყოველი მონადირე ნატრობდა ყურშას პოვნას, რადგან ნადირობაში იღბლიანი იყო. მაგრამ დედა ორბი ამ ლეკვს გამოჩეკისთანავე აიყვანდა ხოლმე ძლიერ მაღლა და მიწაზე დაახეთქებდა, რომ ადამიანს არ ჩაეეგდო ხელში და არ გაეზარდა.
ყოველწლიურად, გაზაფხულზე, საგანგებო ფერხულს ჩააბამდნენ ხოლმე ქალები და ვაჟები, ცეკვითა და სიმღერით შესთხოვდნენ გაზაფხულის ღვთაებას, რათა ორბს გამოეჩეკა ამგვარი ლეკვი, არ დაეღუპა და მათთვის ეჩუქებინა.

ქალსა ვისმე ერქვა შროშანიო,
ხუთსა თითსა ეცვა ბეჭედიო,
ბეჭდის თავსა მოლი მოსულაო,
მოლის თავსა ნაძვი ასულაო,
ნაძვის თავსა ორბს ბუდე ჰქონდა,
ბუდე იყო აბრეშუმისა,
კვერცხი ჰქონდა იაგუნდისა,
ლეკვი ჩეკა მარგალიტისა.
ნაძვის ხის ქვეშ ლომი იდგა.
იგი ლომი ლეკვს ექეზებოდა,
ექეზებოდა, ეზერებოდა...
ღმერთო, ერთი ჩემთვის გაზარდე,
გაზარდე და კარგად მიმყოფე,
სანადიროდ გზა გაუწალდე,
ინადიროს, მოკლას ირემი...


ხალხური სიბრძნე, ტ III, შედგენილი ელ. ვირსალაძის მიერ, თბ., 1964, გვ. 174-175

სამონადირეო მითები დევები და ქაჯები

დ ა ლ ი ს ს ა მ ყ ო ფ ი გ ა მ ო ქ ვ ა ბ უ ლ ი ო ქ რ ო ს ი ა.

ვისაც დალი უნახავს,მისი გადმოცემით,დალის თეთრი ტანსაცმელი აცვია.ოქროს ნაწნავები აქვს.ცხოვრობს გამოქვაბულში(თეთნულდის ახლომახლო კლდეებში).დალის სამყოფი გამოქვაბული ოქროსია,ისე ანათებს როგორც მზე,მზეზე მეტადაც.აქ მოსული კაცი,თუ დალის არ მოეწონა,იღუპება,დალი დაღუპავს,რომ არავინ გაიგოს მისი სამყოფი ადგილი.ვინც მოეწონება,მასთან ინტიმურ კავშირს ამყარებს და აფრთხილებს, პირობას ადებინებს,რომ არსად გაამხილოს დალის სამყოფი ადგილი და მასთან კავშირის ამბავი.დალი უკვდავია.იგი პატრონობს ჯიხვებს. ჯიხვების ჯოგს სადაც უნდა გარეკავს.მონადირესაც გარკვეული რაოდენობის ნადირს მოაკვლევინებს.ურჩ მონადირეებს კლდეზე გადაჩეხავს.დალებს განაწილებული ჰყავთ ჯიხვები.გამოქვაბულში ერთი დალი ცხოვრობს.ისე დალი რამდენიმე შეიძლება იყოს.

მთქმელი ალ დევდარიანი, ჩამწერი ა. ცანავა ს. ჭოლაში(მულახის თემი, მესტიის რაიონი) 1976 წ, ფ. არქ. სვ.294,გვ.5

მ ო ნ ა დ ი რ ი ს უ ც ნ ა უ რ ი თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ი

იყო ერთი მონადირე გოჯი ზურებიანი, ცხოვრობდა სოფ. ჟაბეშში (მესტიის რაიონი). ერთ დღეს მარტო წავიდა სანადიროდ. ღამის გასათევად შევიდა ადრე შეგულვებულ გამოქვაბულში. შეუდგა ვახშმის სამზადისს. ხურჯინიდან ამოალაგა პური , არაყი. სანამ ლოცვას შეუდგებოდა და ჭამას დაიწყებდა, გამოქვაბულში შემოვიდა ზურებიანის მეზობელი გოჯი კახიანი. მიესალმნენ ერთმანეთს. ზურებიანს გაუხარდა გოჯის მოსვლა. კახიანს იარაღი არ ჰქონდა თან.
- იარაღი სადა გაქვსო?
- გარეთ დავტოვეო.
- შიგნით შემოგეტანაო?
- გარეთ არაფერი უჭირსო.
ორივემ ილოცა. არაყი დალიეს, ცოტა საჭმელი შეჭამეს. კახიანმა უთხრა ზურებიანს:
- ამაღამ მთვარიანი ღამეა, ჯიხვების სამყოფი ადგილი ვიცი,წავიდეთ და მოვკლათო.
- ღამე ნადირობა არავის გაუგია,გათენდეს და მერე ვნახოთო.
კახიანმა დაიჯინა. ზურებიანი გამოიყვანა გამოქვაბულიდან. დააპირეს წასვლა, მაგრამ კახიანმა იარაღი არ აიღო.
- მე იარაღი არ მჭირდებაო.
შეყვნენ კამათს. სტაცა კახიანმა ხელი ზურებიანს. დაუწყეს ერთმანეთს ცემა. როგორც იქნა ზურებიანმა იმარჯვა, ჰკრა ხელი და ციცაბო კლდიდან გადაჩეხა. ზურებიანი დაბრუნდა გამოქვაბულში. ბევრი ინანა, ეს რა მომივიდა - მეზობელი შემომაკვდა.ძილი არ მიეკარა. დილით ადრე ადგა. ნახა ის ადგილი, საიდანაც მეზობელი გადააგდო. აქედან გადაგდებული კაცი კი არა, ქვაც არ გადარჩებოდა. ჟრუანტელმა დაუარა და სახლისაკენ გაუდგა გზას. სანამ სახლში მივიდოდა, ნახა, რომ, გოჯი კახიანი და მისი ძმა სათიბს თიბავდნენ სახლის ახლოს . ზურებიანმა გამარჯობა არ უთხრა.
- რას გვემდური გოჯი, ყოველთვის ნანადირევით დატვირთული არავინ მოდის, მაგრამ გამარჯობას კი ამბობენო.
- ნანადირევთან არა მაქს საქმე, მე თქვენთან მექნება საქმე დღეიდანო.
ძმებს გაუკვირდათ. მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ. დაიწყეს ერთმანეთს შორის მოციქულობა. კახიანმა გაიგო თუ რა ბრალი ედებოდა მას, მაგრამ იმ ღამეს კახიანი სახლიდან არ გასულა. ფიცზე გავიდა კახიანი თავის ძმასთან ერთად.
დარწმუნდა ზურებიანი, რომ იმ ღამეს მასთან კახიანი არ ყოფილა. მას გოჯის სახით ტყეში მცხოვრები ტყის კაცი ან სხვა არსება მოევლინა.

მთქმელი ალ. დევდარიანი. ჩამწერი ა. ცანავა. ს. ჭოლაში (მულახის თემი, მესტიის რ.) 1967 წ. ფ. არქ. ავ. 294,გვ 11-14

თ ე თ რ ი ც ე ც ხ ლ ი ს ს ა ხ ი ს ა ნ გ ე ლ ო ს ი


მულახის თემის ჯაჭვლიანთა საგვარეულო კოშკის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს:შებინდებისას,მწვერვალ თეთნულდიდან კოშკში შემოდიოდა მფარველი ანგელოზი თეთრი ცეცხლის სახით.როგორც კი შემოვიდოდა მის სახელზე ლოცვას დაიწყებდნენ.ამ კოშკიდან სხვა საგვარეულოს კაცი მოუკლავთ.ამის შემდეგ თეთრი ანგელოზი არ გამოჩენილა.

მთქმელი ალ. დევდარიანი, 78 წლის. ჩამწერი ა. ცანავა ს. ჭოლაში(მულახის თემი, მესტიის რაიონი) 1976 წ, ფ. არქ. სვ.294,გვ.2



ჯ ი ხ ვ ი ს ფ ე რ ც ხ ა ლ ი (ნ ე კ ნ ი) ხ ი ს ა ა ღ მ ო ჩ ნ დ ა

ერთი ყაზბეგელი მონადირე წასულა მყინვარწვერის მიმართულებით სანადიროდ.ქოხში დაბინავებულა ღამის გასათევად.ღამით რომ დაიძინა,სიზმარი ნახა,თურმე:ერთ ნიშნეულ ადგილას,ვითომ,ჯიხვი მოკლა,გაატყავა დახორცი ააჭრა,ერთი ფერცხული(ნეკნი)ხისა აღმოჩნდა(დეკას ხის ნაჭერი).დილით,იმ ნიშნეულ ადგილასრომ მივიდა,სწორედ ისეთივე ჯიხვი დახვდა როგორიც სიზმარში ნახა.ესროლა თოფი და მოკლა ეს ჯიხვი.როცა გაატყავა და ხორცი აქნა,მართლაც ერთი ფერცხალი (ნეკნი)ხისა ქონებოდა.

მთქმელი დავით წამალაიძე 76წლის, ჩამწერი ა. ცანავა, ს. სიონი(ყაზბეგის რაიონი) 1979 წელი, ივლისი

დ ა ჭ რ ი ლ ი ჯ ი ხ ვ ი ს დ ა ნ ი თ მ ო კ ვ ლ ა ა კ რ ძ ა ლ უ ლ ი ა (მ ა ა დ შ ი დ)

დაჭრილ ჯიხვთან ან არჩვთან მისულ მონადირეს აკრძალული ჰქონდა დანა ეხმარა. უნდა დაეცადა სანამ არ მოკვდებოდადაჭრილი ჯიხვი თავისი სიკვდილით. სიკვდილის წინ ჯიხვი თუ შემოხედავდა მონადირეს, სისხლიან ცრემლებს გადმოყრის. ალბათ, ამან შეაშინა მონადირეები და დანის ხმარება აკრძალეს. ასეთ აკრძალვას მაადშიდი ჰქვია.

მაადშიდ ნიშნავს გარკვეული მოქმედების ან თქმის აკრძალვას: არ შეიძლება თავის სახელით ვახსენოთ გველი, თრითინა, თავი დავიბანოთ ორშაბათ დღეს, მოჭრილი ფრჩხილი გადავაგდოთ და ა.შ. ახალ წელს სულის შებერვით ცეცხლის გაჩაღება არ შეიძლება. ამისთვის სახლის უფროსი წინა დღით ამზადებს ბურბუშელას, რომელსაც ნაცარში ჩაყრილ ნაკვერჩხალზე დააყრის, დაუქნევს ბრტყელ ფანერს და ასე გააჩაღებს საახალწლო ცეცხლს. ახალი წლის დილას ლაპარაკიც აკრძალულია, სანამ უფროსი ყველას არ მიულოცავს ამ დღეს. გარდაცვლილის ლოგინზე ორმოცის გასვლამდე არავინ წვება, აკრძალულია (მაადშიდ)

მთქმელი გიორგი ნავერიანი, 81 წ. ჩამწ. ა. ცანავა, ს. მულახი (მესტიის რ) 1976წ, ფ.არქ.სვ.294,გვ.62,67

ა ლ ი ს ს ა ხ ლ შ ი მ ო ყ ვ ა ნ ა

... პაპაჩემი გაბრიელი დაახლოებით ორმოცდაათი წლის ყოფილა, როცა დაქვრივებულა. ერთ ზაფხულს ჩვენს სათიბ - საძოვრებში შუადღემდე რომ უთიბია ბალახი ცელით, მოულოდნელად ტყიდან გამოსულა ერთი თმაგაწეწილი და ტანისამოსშემოხეული ქალი, აუღია ცელის ტარის სიგრძის ჯოხი და სათიბის მეორე მხარეზე დაუწყია ,,თიბვა“. ...პაპაჩემს აჯავრებდა მეც ვთიბავო. პაპას რამდენჯერმე დაუძახნია: -აქ მოდიო, მაგრამ მას ყურიც არ უთხოვებია. მერე პაპა წასულა მისკენ, მაგრამ ის ქალი მაშინვე ტყისკენ გაქცეულა. პაპა დაბრუნებულა და თიბვა დაუწყია. ის ალიც კვლავ გამოსულა და იმასაც დაუწყია ,,თიბვა“. პაპას გული მოსვლია. როგორ დავიჭირო ეს ქალიო და მოუფიქრებიათ: იმ სათიბის ბოლოში-ჭაობში შალაფა ბალახი დაუგლეჯია და თოკი დაუგრეხია. ეს რომ ალმა დაინახა ისიცასე მოქცეულა. პაპამ მაგარი თოხი დაგრიხა, თურმე, ხეს გამოაბა, გაჭიმა -არ გაწყდა. ალიც ასე მოქცეულა... მერე პაპას ამ თოკით თავისი ფეხები მაგრად შეუკრავს , დაუნასკვია ერთი წვერით... ალიც ზუსტად ასე მოქცეულა. მერე პაპა გაბრიელი, უცებ დასწვდა ცელს , ამოისვა ფეხებ შუა და თოკი გასხიპა. ალიც დასწვდა ჯოხს, ამოუსვა თოკს, მაგრამ ჯოხი თოკს ხომ ვერ გასჭრიდა და მერე გახსნა დაუწყო. გაბრიელი მივარდა მასთან, დაიჭირა ალი. ამოიღო დანა და იმით მოაჭრა ალს თმის მარჯვენა მხრის ნაწილი და მარცხენა ხელის ცერა თითის წამოზრდილი ფრჩხილი. ცხვირსახოცში შეახვია და საიმედოდ უბეში ჩაიტენა. შემდეგ შეაჭრა თოკის ნასკვები და გაუშვა, მაგრამ ალი აღარ გაქცეულა და საღამოთი წაყოლია სახლში.

თმა-ფრჩხილის მარჯვენა მარცხენა მხრიდან შეჭრასის მნიშვნელობა ჰქონია, რომ ალი ყოველთვის ადამიანის გვერდით ყოფილიყოშრომასა და ცხოვრებაში და არცერთი მხრიდან ღალატი არ ჩაედინა. ამაზე გლეხები იცინოდნენ და ამბობდნენ: ,,აი, მოხერხებაც ამას ჰქვიაო“. სახლში მოყვანისთანავე ალს მთელი მეზობლის ბავშვები და დედაკაცები გარს შემოეხვივნენ. პაპაჩემმა გაბრიელმა ერთი ძალუა დედაკაცი გვერდით გაიყვანა, რაღაცეები უთხრა და მერე ალს მიმართა: „-ალიკო! შენ დაღლილი ხარ და მშიერიც, წადი ცოტა ხანს ამ ქალთან , შეგანაყრებენ და მე კი ვახშმის სამზადისს შევუდგებიო. ალი წაყოლია იმ ქალს , სხვებიც გაჰყოლიან თან. გაბრიელს დრო უხელთია. წერაქვი და ნიჩაბი აუღია, სახლში შესულა მარტო, კარები ჩაუკეტავს.მერე შუა კერიის ცეცხლი გადაუბერტყია.ამოუთხრია ღრმა ორმო, თაროდან ცარიელი თიხის ქილა ჩამოუღია,შიგ ჩაუდვია ალის თმა და ფრჩხილი, ზედ სიპი ქვა დაუფარებია. ორმოში ჩაუდვია და მიწა მიუყრია, დაუტკეპნია, ნაცარ-ნაღვერდალი ისევ თავის ადგილზე მიუწევია... ბაკიდან გამოყვანილი ჭედილა დაუკლავს , მერე მიაკითხა, თურმე, ალსა და ქალებს: ახლა მომეხმარეთო. ისინიც მოხმარებიან. ცოტაოდენი სასმელი უშოვიათ და შინაურული ქორწილი გადაუხდიათ. დაღლილ მამაკაცებს და ქალებს მალევე დაუძინიათ. ალიც ცოტა მოშორებით წამოწოლილა გაბრიელთან. როცა ყველას დაუძინია, ალი ამდგარა, გაბრიელის ტანსაცმელი და მთელი სახლი გადაუქოთებია , მაგრამ თავისი თმა და ფრჩხილი ვერ უპოვნია. ალებს წესად აქვთ: სანამ მათი თმა და ფრჩხილები ვინმესთან იქნება გადამალული, როგორც ძვირფას განძს ისინი ეძებენ. თუ ვერ იპოვეს ბედს ემორჩილებიან , იმ კაცთან რჩებიან, ხოლო თუ მიაგნეს, მაშინვე გაიტაცებენ და ისევ ტყეში გაიქცევიანო. ჰოდა, იმ ალმაც რახან ვერ იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, დარჩა გაბრიელთან, როგორც ერთგული ცოლი და მეგობარი. ყველაფერს, თურმე კარგად აკეთებდა, მუშაობდა ქმართან გარე სამუშაოზე. ოჯახსაც წესიერად უვლიდა. გავიდა ერთი წელი. პაპაჩემი გაბრიელი ოჯახის ბავშვმა გააბრაზა, რისთვისაც ორიოდე სილა წაუთაქა. როცა გაბრიელი შორს სამუშაოზე წავიდა, ბავშვმა სამაგიერო გადაუხადა: მივიდა ალთან და ასე უთხრა: - მე მაღლა ბანის სარკმლიდან ჩუმად ვუყურებდი პაპას, როცა თმა და ფრჩხილები კერის ცეცხლის ქვეშ დამალა მიწაშიო. ალი სწრაფად ეცა კერიას. ამოთხარა, იპოვა თავისი თმა და ფრჩხილი, გაიტაცა თან და ისევ ტყისკენ გაიქცა. მას დიდხანს ეძებდა გაბრიელი, მაგრამ ამაოდ. ალი ვეღარსად იპოვა.














მ ი თ უ რ ი ყ უ რ შ ა
ძველად სწამდათ, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ორბის ბუდეში, სხვა ბარტყთა შორის ერი ლეკვი გამოიჩეკება ხოლმეორბის კვერცხისაგან.
ყურშა ორბის ლეკვი ყოფილა. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონდა და თურმე არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი იყო, ორ ნახტომზე ჯიხვს ეწეოდა, მესამე გადახტომას სათაკილოდ სთვლიდა, მისი ყეფა ცის გრგვინვას ჰგავდა, ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა , თვალები კი მთვარის ოდენი. ყოველი მონადირე ნატრობდა ყურშას პოვნას, რადგან ნადირობაში იღბლიანი იყო. მაგრამ დედა ორბი ამ ლეკვს გამოჩეკისთანავე აიყვანდა ხოლმე ძლიერ მაღლა და მიწაზე დაახეთქებდა, რომ ადამიანს არ ჩაეეგდო ხელში და არ გაეზარდა.
ყოველწლიურად, გაზაფხულზე, საგანგებო ფერხულს ჩააბამდნენ ხოლმე ქალები და ვაჟები, ცეკვითა და სიმღერით შესთხოვდნენ გაზაფხულის ღვთაებას, რათა ორბს გამოეჩეკა ამგვარი ლეკვი, არ დაეღუპა და მათთვის ეჩუქებინა.

ქალსა ვისმე ერქვა შროშანიო,
ხუთსა თითსა ეცვა ბეჭედიო,
ბეჭდის თავსა მოლი მოსულაო,
მოლის თავსა ნაძვი ასულაო,
ნაძვის თავსა ორბს ბუდე ჰქონდა,
ბუდე იყო აბრეშუმისა,
კვერცხი ჰქონდა იაგუნდისა,
ლეკვი ჩეკა მარგალიტისა.
ნაძვის ხის ქვეშ ლომი იდგა.
იგი ლომი ლეკვს ექეზებოდა,
ექეზებოდა, ეზერებოდა...
ღმერთო, ერთი ჩემთვის გაზარდე,
გაზარდე და კარგად მიმყოფე,
სანადიროდ გზა გაუწალდე,
ინადიროს, მოკლას ირემი...


ხალხური სიბრძნე, ტ III, შედგენილი ელ. ვირსალაძის მიერ, თბ., 1964, გვ. 174-175

Wednesday, December 3, 2008

მითი

მითი, მითოსი ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ამბავს. მითები მოგვითხრობდნენ ღმერთებისა და გმირების, სამყაროს შექმნისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. დღეს ამ ძველ გადმოცემებს შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც მითოლოგია ჰქვია.
მითი მოაზროვნე ადამიანის უძველესი ქმნილება და თანამგზავრია. ის არც ისტორიაა, არც რელიგია, არც ზღაპარი და არც ლეგენდა, მაგრამ თითოეული მათგანის ელემენტებს შეიცავს. მასში ყოველთვის არის სინამდვილის ნაწილი, რომელსაც ზღაპრული ელფერი დაჰკრავს. მითები უმეტესწილად მოგვითხრობენ ხალხის მიერ სათაყვანებელი ღმერთებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ მებრძოლი გმირები შესახებ.
ადამიანები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს - მზეს, მთვარეს, ვარსკლავებსა და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს. ამას გარდა, ადამიანის საქმიანობის ყოველ სფეროს - მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მონადირეობას, ხელოსნობას - თავისი მფარველი ღვპთაება ჰყავდა. ადამიანის ცნობიერების ამ პერიოდს მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა ეწოდება.
ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამდე ქართველ ხალხსაც საკუთარი ღმერთები და გმირები ჰყავდა. მითები მათ შესახებ შემონახულია ძველ წიგნებსა და ზეპირსიტყვიერებაში. სხადასხვა თქმულებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე მოაღწიეს ჩვენამდე ქართულმა მითებმა.
არაზღაპრული ხალხური პროზის სპეციფიკური ჟანრები მემორატები (ბილიჩკები) და ფაბულატები (ბივალშჩინები) მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. აქ ამა თუ იმ მითური პერსონაჟის გასაოცარი, გასაკვირველი თავგადასავალი ნამდვილობის პრეტენზიითაა გადმოცემული. თხრობის მხატვრულობას ნაკლები ყურადღება ექცევა. მემორატისა და ფაბულატის შესატყვისი ქართული ტერმინი არ გაგვაჩნია. მემორატი გადმოგვცემს მითოლოგიური პერსონაჟის ერთ რომელიმე მოქმედებას, რომელიც გასაკვირველია და სიუჟეტურად მოკლე. ფაბულატში პერსონაჟების მოქმედება გართულებულია, ამდენად, სიუჟეტურადაც უფრო ვრცელია. ქართული მემორატული და ფაბულატური ტიპის მითოლოგიური გადმოცემები მოგვითხრობენ პანთეონის ღვთაებათა ტრიადის წევრებზე (მორიგე ღმერთი, კვირია და მზე); ღვთისშვილების (იგივე ჯვარ-ხატების) ქართულ ოლიმპოდ მიჩნეული გერგეტ-მყინვარის მთასთან ჩამოშვებაზე (დავანებაზე); ღვთისშვილების-კოპალას, იახსარის, შუბნურის, პირქუშის და სხვათა მიერ მიერ დევების ამოწყვეტასა და ადამიანებისათვის საარსებო ტერიტორიის შემოსაზღვრაზე:კულტის დაარსებასა და ხთონური (მიწისქვეშა) სამყაროდან ეტალონური ფასეულობების მოპოვებაზე; სამონადირეო მითური პერსონაჟების (დალი, ტყაშმაფა, მესეფი, ოჩოკოჩი და სხვა) ადამიანებთან გასაოცარ, საკვირველ ურთიერთობაზე; ბოლოს კი მეზირის (გველის) კულტის ამსახველ მემორატებსა და ფაბულატებზე.

ქართული მითოლოგია


  1. მითი
  2. კოსმოგენიური მითები
  3. სამონადირეო მითები დევები და ქაჯები
  4. მეზირის კულტის ამსახველი მითები
  5. ქართული მითოლოგიის პერსონაჟები
  6. ქართული მითოსი
  7. ქართული მითოლოგიის ლექსიკონი

კოსმოგონიური მითები

მორიგე ღმერთის მიერ ღვთისშვილების

ზეციდან გადმოშვება

...პირველად მორიგემ რომ ღვთისშვილები ზეციდან გადმოუშვა ისინი გერგეთს დააბინავა, გერგეტის მთის ძირში და ნებას არ აძლევდა, რომ ჯერ ხმელეთზე სახალხოდ გადმოსიყვნენ და მოქმედება დაეწყოთ. გადმოშვებულნი კი იმიტომ იყვნენ, რომ დევებთან უნდა ეწარმოებინათ ბრძოლა, რადგან დევები ხორციელთ, ე.ი. ხალხს ანადგურებდნენ, ხოცავდნენ და ყველანაირად ავიწროვებდნენ მათ. ანგელოზნი და ხვთისშვილნი ხალხში ჯერ არ იყვნენ გამოსულნი და დევ-კერპებს ეჭირათ ქვეყანა., მოწინააღმდეგე არავინ ჰყავდათ და როგორც ეწადათ, ისე იქცეოდნენ.შეწუხდა ხალხი და არ იცოდნენ რა ექნათ, ხალხმა მკითხავების საშუალებით ის კი გაიგო რომ ღვთისშვილები არიან გერგეტში ხალხის დასახმარებლად გამოშვებულნი, მაგრამ ღვთიდან არ ჰქონდათ მოქმედების ნება.

თ ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბილისი 1967, გვ 156-157

კოპალას მოსვლა და მისი დავანება უძილაურთის მთაზე - ირემთ კალოზე

... კოპალა მოვიდა და ფშავის მთაზე უძილაურთის თავს, ირემთ კალოს რომ ეძახიან, იქ დაარსდა (დაივანა) და თვალყურს ადევნებდა , სად იქნებოდა მოსახერხებელი დევებთან ბრძოლა. ამ დროს ერთი ხორნაუთელი კაცი, ხორნაულთ სოფლის პირდაპირ , ყანას ხნავდა. როშკის გორაზე ერთი დევი წამოდგა და ასე მოახდინა საქმე, რომ ღვარი ასტეხა და ხარი და კაცი სულ ყველა ღვარმა წაიღო. მას (მხვნელს) გაგონილი ჰქონდა, რომ დასღაც გმირი კოპალა დაარსდა. დევებს ხოცავს და ხალხს ეხმარებაო. ამ გაჭირვების დროს გაახსენდა და შემოსძახა: ,,გმირო კოპალავ, მიშველე, წყალს ნუ წამაღებინებ და ეს მამული შენდ შემომიწირავო“.

ეს კოპალამ გაიგო და იმწამსვე იქ გაჩნდა, ღვარი შეაჩერა და კაცი ცოცხალი გადაარჩინა. ლახტი ესროლა და დევების ბინას ცეცხლი წაუკიდა. მერე მივიდა და სუყველა ამოწყვიტა იქ მყოფი დევები. ერთი დევი შეძვრა როშკის ციხეში. ესროლა ლახტი და ციხეს კუთხე მოუმტვრია. დევი აქედანაც გაექცა და როშკის მთაში ერთი კლდის ძირში ჩაძვრა. ამ კლდესაც ესროლა ლახტი, გახეთქა კლდე ორად და დევს თვალი მოსთხარა. ამ კლდეს იახსარის კლდე ჰქვია დღესაცო - თქვა ბეწინიკამ, მაგრამ ლახტი კოპალამ დაჰკრაო. სულ ერთი და იგივე არის, თუ გინდ იახსარი თქვი, თუ გინდ კოპალაო. აქედან თვალგამოთხრილი დევი გაიქცა და აბუდელაურის ტბაში ჩაძვრაო.

თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967წ, გვ. 157-158

დ ე ვ ე ბ ი ს გ ა მ ი წ რ ი ლ ე ბ ა გ ო მ ე წ ა რ შ ი

ხალხის წარმოდგენით, გარდა ღვთისშვილებისა, არსებობენ აგრეთვე ავი სულები, ბოროტი ძალები, რომლებიც დევების, ეშმაკების (იგივე ქაჯების) სახით ცხოვრობენო. ისინი იბრძვიან კაცთა მოდგმის წინააღმდეგ. მათი ბრძოლა ძე ხორციელთა წინააღმდეგ უმეტეს შემთხვევაში ფარული (გამიწივრელებული) სახით მიმდინარეობს (,,მისეულობითო“ - იტყვის ფშაველი), მაგრამ ზოგჯერ საჩინოც ხდებაო.

ავსულები აესევიან უსიერ ადგილებში დასახლებულ ხალხს, ოჯახს, სხვადასხვა ადგილას გაჩნდებიან ხოლმე. არსებობს ასეთი ლექსიც:

დევნ გამიწრივლდენ გომეწარს,
მცხოვრებნ დაშინდნენ ყველანი,
დაუჭერავის ავსულთა
ხევნი, მთანი თუ ველანი.

მთქმელი: ღვთისო ფარნაოზიშვილი, 75 წლის. ჩამწერი ტრისტან მახაური. 1980 წელი. ნოემბერი. ფ. არქ. ქ 332, გვ.177




ს ა გ მ ი რ ო ლ ა ხ ტ ს მ ო რ ი გ ე ღ მ ე რ თ ი ი ძ ლ ე ვ ა

...დევებმა ქალებს დაუწყეს წამება,თურმე ისე მოაჯადოვეს, რომ თურმე ქალები თვითონ მირბოდნენ დევებთან.ეს ამბავი ღვთისშვილებმა (ხთის ნაბადებმა) იწყინეს.შესთხოვეს მორიგე ღმერთს, რომ კარატიონისთვის (კარატის ჯვარისთვის) ძალა მიეცა... მორიგე ღმერთს საგმირო ლახტი მიუცია კარატიონისთვის. რაღაც ცეცხლისაგან ყოფილა ეს ლახტი გაკეთებული. სადაც დაჰკრავდნენ იქ ცეცხლს აჩენდა.

თ ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბილისი 1967, გვ 175-176


პ ი რ ქ უ შ ი

პირქუში კაცი ყოფილა, ოქრომჭედელი-ხევსური. სიწმინდეს იცავდა.სიკვდილის შემდეგ იქცა ხატად...კარგი ახალგაზრდა ყოფილა,ქალებს მოსწონდათ,მაგრამ იმას ჭკუაში არ უჯდებოდა,რომ მათთან ყოფილიყო.სიწმინდეს იცავდა,შეულახველი იყო.ღმერთს მისთვის ბედნიერი(ავადმყოფობა:ციმბირის წყლული)შეუყრია .პირი გადატრუშია და ასე გამხდარა პირქუში.მერე წმინდანად ქცეულა,ღმერთს მიუცია ნება,რომ ანგელოზად ქცეულიყო.მისი ნაკეთები თასებით ზოგ ხალხს უვაჭრია,ზოგს კი ხატებში მიუტანიათ.

დევების განადგურება ფუძის ანგელოზისა და

იახსარ-კოპალას მიერ

ბაკურხევში არის სოფელი, რომელსაც საკერპოს ეძახიან. აქ ყოფილა ცხრა ძმა დევი და მლოცველები არ გაუშვიათ აქეთკენ. .. იცოდა ხალხმა რომ ისინი დევები იყვნენ და ეშინოდათ... კოპალე მოუწვევია ფუძის ანგელოზს. კოპალე და ფუძის ანგელოზი ძმები არიან. იახსარიც გამოჩენილა და ფხიტურზე ეს ხატები ერთად შეყრილან. ფუძის ანგელოზს უთქვია: მე ჩავალ საკერპოს დევებთან, თქვენ აქ მომიცადეთ, და თუ გამიჭირდა, მომეშველეთო... ის დევები დაუხოცია ფუძის ანგელოზს ლახტით და. მემრე ცოტა შაჰგვიანებია...კოპალა და იახსარი წასულან და გზაში შეჰყრიათ ფუძის ანგელოზს...

თ. ოჩიაურის მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ,1967წ, გვ.169

იახსარმა ლახტით ამოწყვიტა დევები

იახსარი პირველად ყოფილა ხორციელი. წმინდა ბერი. ღვთის მლოცავი და ღვთიდან მოცემული დიდი ძალის მქონე... ის ებრძოდა დევებს და ანადგურებდა. იმ დროს დევები მიწაზე გამოსული ყოფილან. ხოცავდნენ და სჭამდნენ ხალხს... მორიგე ღმერთმა იახსარსა და კოპალას, ერთურთის მოძმეთ ორივე წმინდა ბერს, მიულოცა ძალი და შეძლება დევებთან ბრძოლისა და მათი განადგურებისა.

იახსარს ნინახში ჰქონდა პატარა სამლოცველო და საბერო... აქვე საბეროს წინ, იახსარს ჰქონდა საყუჩი-საყარაულო... აქ ყარაულობდა იახსარი ერთ დიდსა მდიდარ დევს გამხვეურას (გამხვეურა ამ დევს იმიტომ ერქვა, რომ იგი გახვივებული იყო ცოლ-შვილითაც და ცხოვრებითაც. გახვივებული-გამრავლებული, გამდიდრებული) ეს დევი ცხოვრობდა იახსარის საცხოვრებლიდან დასავლეთ მხარეს, იმ ადგილს შემდეგ დაერქვა გამხვეულთ კარი... შუაფხოდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული. ფშავის არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ. ეს დევები აქ რომ გამრავლდნენ, მოინდომეს ავისგორს დასახლება... წამოვიდნენ და აქ დაიწყეს შენება. გაააიგო იახსარმა ... ხევიდან მიეპარა ... იახსარი იმ დროს მივიდა, რომ კარისთავს დებდნენ ცხრანი დევნი და ვერ ერეოდნენ... (კარისთავად დიდი ქვა იყო შესადები). იახსარმა გადაიკვართა კალთები, მოავლო ხელი ქვას და მარტომ შეაგდო. შეშინდნენ დევები და გაიქცნენ. იახსარმა კარის თავიც იმათ ესროლა და გამხვეუთკარს სახლი დაუნგრია. ჯერ არ იყო ბრძანება მათი მთლიანად ამოწყვეტისა...

ხაშარს სახელგანთქმული დევები ვხოვრობდნენ - მუზა და ბეღელა. მუზა ყოფილა დევების მეფე და ბეღელა ლამაზი დევის ქალი... სოფელ უძილაურთას თავს, ზედ მთაზე, დიდი მოედანი არის, რომელსაც ირემთ კალო ჰქვია... სახელგანთქმული დევები დაბარებულნი იყვნენ, ყოველგნით უნდა მოსულიყვნენ... იახსარსა და კოპალას განზრახული ჰქონდათ ამ დევების ამოწყვეტა. ბრძანებაც ასეთი იყო მორიგე ღვთისაგან.

იახსარი ჩუმად წავიდა და ხაშარის გამოსავალში საპარავის ყელში ჩაუსაფრდა. ხაშარიდან წამოსული მუზა დევი ამ გზით გამოივლიდა ირემთ კალოსაკენ მიმავალი... მუზა მთაზე შემოხვდა... იახსარი აქ იყო ჩასაფრებული, დაჰკრა თავში ლახტი და მუზა დევი იქვე მოკლა... ხაშარში რაც დევები იყვნენ მუზას მოპსაშველებლად გამოემართნენ. მივარდა იახსარი თავისი ლახტით და სულ ამოწყვიტა ყველა დევი. სახლიც დაუქცია... ზოგი იორზე გაიქცა. დაედევნა და სულ ამოწყვიტა დევები.

თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 143-145

კოპალა იახსარზე უფრო სახელიანია

...კოპალა სახელიანია იახსარზე. ფშაველი დედაკაცი, როცა იწყევლება, კოპალასა და მის ლახტს ახსენებს:,,შენ გმირის კოპალაის ლახტნაკრავო“. ,,დაგლახტოს გმირმა კოპალამა, აგრიანე!“ - ეუბნება იგი თავის მოპირდაპირეს. კოპალა, ფშავურის ზეპირგადმოცემით, ყოფილა იხინჭას ბერად. შესმენია, რომ ფშავი დევებისაგან დიდად შეწუხებულა და შევიწროვებულიაო, ამდგარა და წამოსულა ხალხის საშველად. დევების უმთავრესი სადგური და სიმაგრე ციხე - გორს ყოფილა. კოპალა დევებთან სტუმრად მისულა, როგორც გზადაკარგული მონადირე, და ღამე დევებთან უთევია. მეორე დღეს დევებს დაუწყიათ თავისი ჩვეულებრივი ვარჯიშობა - ქვის სროლა.კოპალასაც უთხოვია, რომ მიეცათ დევებს ნება გამოეცადა თავისი თავი. დევებს ბერი მასხრად აუგდიათ, მაგრამ, როცა კოპალას გაუსროლია ქვა და დევების საფალავნო მიჯნისათვის გააუცილებია ბევრით შორს, დევებს თავზარი დასცემიათ. კოპალას მიუყვია ხელი, გაუჟლეტია დევები და იმათი ციხე-დარბაზი თითონ დაუჭერია. იმათგან დავლად დარჩენია ქვა. დღეს ეს ქვა არაგვის პირასაა, იქ, სადაც კოპალას სალოცავია, და ჰქვიან ,,კოპალას ქვა“. კართანაში (ადგილია) მყოფს დევებს გაუგიათ ციხე-გორელი დევების ზარალი. მაშინ აქედან ერთი თავგამოდებული დევი წასულა ,,კოპალას ქვის“ მოსატატაცებლად, მოუტაცია კიდეც, მაგრამ ამოჰშხამებია ბოლოს. კოპალა სანადიროდ ყოფილა, დაბრუნებულა შინ და უნახავს - ქვა აღარ არის, მიხვედრილა მიზეზს და გამოდგომია ქურდს კვალდაკვალ, რამდენიმე ვერსის სიშორედან დაუნახია დევი, შემოუტყორცნია იქიდან ისარი, დევიც მოუკლავს და ქვაც დაუტოვებინებია იქ, სადაც დღესაც არის იგი ქვა მრავალტანჯული. იქვე ახლოს ჰქონია ამ დევს ბინადრობა. კოპალა მისულა იმის სახლში და ჰხედავს, რომ მოკლულის დევის დედას ჯარა უდგია და მშვილდის ბაწარს გრეხს, ანუ, როგორც ფშაველი ამბობს, სძახს... -შვილები სადა გყავსო? - ჰკითხა კოპალამ დევის დედაკაცს... - ერთი შვილი ციხე-გორს წავიდა, კოპალას ქვა უნდა მოსტაცოს, და მეორე სანადიროდ არის წასულიო...

ვაჟა-ფშაველა, ტ.IX , 1964წ, გვ. 78. ჩართულია წერილში ,,კოპალა და იახსარი-დევების მებრძოლნი“, 1889 წ

კვირიკა ლიქოკელი და გველი - შუბნური

ერთხელ სოფელ კარწეულთაში მცხოვრები კვირიკა ლიქოკელი გზად მიდიოდა და ნახა კვათის (ადგილის სახელია) მწოლარე გველი. ძალიან დიდი თვალები ჰქონდა... კვირიკამ თურმე სამი ქვა ესროლა, სამივე მოარტყა და იმან კი ყურიც არ უგდო კვირიკას ქვის სროლას...კვირიკამ ქვების სროლას თავი დაანება და შინ წავიდა. არ გასულა ერთი კვირა, რომ კვირიკას სამი შვილი მოუკვდა, ორი ვაჟი და ერთი ქალი. ხევსურებმა ეს ამბავი მიაწერეს გველისათვის ქვის სროლას. ამის შემდეგ ლიქოკელებმა დიდი გველი ნახეს, ყველა შუბნური სალოცავი ჰგონიათ, გველს არ ჰკლავენ და აქ გველები საშინლად გამრავლებულა...
შუბნური კოპალას ემორჩილება და მისი დახმარებით ძალიან ეხმარება კოპალას და მის საერთო ყმებს. თუ სადმე ლოქოკელი კაცი განსაცდელში ჩავარდება ან შუბნურს შემოსძახებს (ახსენებს) და ან კარატის ჯვარს, ისინი მაშინვე გასცემენ განკარგულებას, ან მწევართ დაახმარენ ან გველისფერს.

თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 186

იახსარს დევის ლამაზი ქალები ხიბლავენ

...იორზე, ვერხველის დევთა განადგურებისას კოპალას ხმალა დასძმობილებია, ...ხმალა ერთ მეტად ლამაზ დევის ქალს მოუხიბლავს და კოპალასათვის მისი ცოცხლად გაშვებაც კი უთხოვია. კოპალას მისი მუდარა არ შეუწყნარებია და დევთა მზეთუნახავი სხვა დევებისთვისმიუყოლებია...

მათურხევს სცოდნიათფშავის ხევის ღვთისშვილებს შეკრება... წასულან სალაშქროდ... იახსარს ჰრგებია ცოდვიან ტბაზე წასვლა, დევები ყოფილან იქა. ყველა დაბრუნებულა და მარტო იახსარი არ მოსულა ლაშქრობიდან მერე მოსულა დაგვიანებით. უკითხავთ: სად იყავითო, იმას უთქვამს: -ქალი ამოვიდა ტბიდან, ისეთი მშვენიერი იყოო, სამჯერ გადაუდევ ისარი და ვერ ვესროლეო, ვერ გავიმეტეო. მერე საყვედური უთქვამთ ღვთისშვილებს, რატომ არ ესროლე ის ხომ ეშმაკისა იყოო.

თ.ოჩიაური, მითოლოგიურიგადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ146-147

ი ა ხ ს ა რ ი

ღვთის კარზე შავიყარენით სამოცდა სამი ხატია,
დაგვიდგეს სასწორ-ჩარექი, კვირავ, გვიჭირე თვალია!
სამოც ლიტრასა რკინასა ვერვინ შაუგდო ქარია.
ქვემოთით დავჯე ტახტზედა, ყველას ჩემზე აქვ თვალია:
-მაგას იახსარ აიღებს, არაგვის მხრისა არია!
ავწიე, ასე ავიღე, ქვეშ გაუტარე ქარია.
მაჩუქა დამბადებელმა მშვილდი და საომარია!
შაიყრებიან დევები, სადაც დიდ მეედანია,
გაარიგებენ იმასა: ,,ერთურთს უჭიროთ მხარია.
ღთიშვილთ კოპალა მაუკლავთ, თავში დაუცნეთ ქვანია!“
ჩამეეტია კოპალა, ცხვრებულა გასჭრათ თავია!
შვიდი წლის ქალი თამარი ნეფე თქვეს, დედუფალია!
საყაჭეს წმინდა გიორგი ყველაზე მეომარია.
თუ დევებს ჩამეეტი, ვაი, მაგათი ბრალია!
ავის-გორს სახს იშენებენდევები ცხრანი ძმანია,
დედა ჰყოლიათ ცხრათავი, ცხვრის ვაჟის დედა ქალია.
დევებსა ჰქონდა ქორწილი, სიმურ ეჩქვიფნენ წყალნია.
თავს ედგა სალუდე ქობი, მეც იმათ მამცეს ზავია.
ფალავნად გამამიყვანეს ღთის შვილთა იახსარია.
მივეღირე და ვერ მიველ, პირს დავიწერე ჯვარია.
იმას ამბობენ ღვთის შვილნი. - რას შვრება იახსარია?!
საკმისას ლახტი ვესროლე, თავს დავაქციე ბანია...
ერთ კიდევ გამაჰქცევიყო, გამეემტვრია კარია.
კოჭლა გამექცა პირთავქვე,კლდეს მააფარა თავია.
კლდე ოთხად გავანაფოტე, დევს გამოვთხარე თვალია.
სულელს კარგადა სცოდნიყო ბაზალეთურნი ტბანია.
გამექცა, შიგ ჩამივარდა, თან ჩავყევ იახსარია.
ამოსვლით ვეღარ ამოველ, სისხლმა გამიბა მხარნია.
ცხრას წელს ეძებეს ჩემს ყრმათა ოთხრქა-ოთხყურა ცხვარიო,
დაკლიან ტბისა პირზედა, ღმერთო დასწერე ჯვარიო!
შამოვხევ ბროლის ქვაზედა, შამოვიბერტყენ მხარნიო.
დავკვლიე ჩემსა ნაჯდომსა, რა ჭრელნი დარჩნენ ქვანიო!
შვიდი წლის ქალი თამარი ნეფე თქვეს დედუფალიო!
ზღვის პირზე შევიყარენით, შაგვექნა საუბარიო.
ზღვასა გადაჰკრა ლეჩაქი, გადააქანა ზღვანიო.
შუა ზღვას ჩადგა სამანი: ,,არ გადასცილდეს ცვარიო!“
კლდეზე გამართა ქალაქი, შააბა რკინის კარიო:
შიგ ააშენა სიონი, დაადგა ოქროს ჯვარიო!
ურჯულოთი და თათართი ყველათ სარწმუნომც არიო!
კარატით კარატეს მამცა თოკი ზედ გასავალიო,
ასე გავიდი თოკზედა, ვერვინ მამკიდის თვალიო.
მიტანილ გამამიგორდა ჩემი პატარა ზარიო...
დავკარ,ხმა ახადს გავარდა, იქ დაიწერონ ჯვარიო.
ლოცვა-წირვაზე დადგოდენ ჩემნი პირქუშნი ყმანიო!
ავის გორს შამიკიდოდით ჩემი პატარა ზარიო,
მიდუღეთ სალუდე ქობი, ყმანო, გეწეროსთ ჯვარიო!

,,ლექსო არ დაიკარგები“ - 1985 წელი. რედაქტორი: ალ. ჭინჭარაული

იახსარი დევს აბუდელაურის ტბაში ჩაჰყვა და იქ მოკლა

იახსარმა გამხვეულთ კარის დევებს ესროლა ლახტი თავისი საყუჩიდან, ბანი დაუქცია, ეცა და ყველა ამოწყვიტა. შემდეგ გავარდა თხილიანში და თავისი ლახტით იქაური დევებიც ამოწყვიტა. მაგრამ გაიგო რომ ერთი უფრო დიდი დევი ხევსურეთისაკენ გაექცა. დაედევნა იახსარიც... ქმოსტ-როშკა აიარა და აბუდელაურს (ქმოსტის მთა) დაეწია. იქ რომ ვეღარ გარბოდა, დევი ჩაძვრა აბუდელაურის ტბაში. ჩაჰყვა იახსარიც, ძირს ჩასულს დაჰკრა ლახტი და მოჰკლა. დევის სისხლმა ტბის ზედაპირი დაჰფარა და იახსარს გზა შეეკრა. იახსარი სამ წელს დაკარგული იყო. ვეღარ ამოდიოდა ტბიდან , ხალხი ეძებდა: რა იქნა ის დევების მხოცველი ბერი იახსარი, რომელმაც დევებისაგან გაგვანთავისუფლა და თვითონ კი დაიკარგაო. ბოლოს მისი ამბავი ერთმა მკითხავმა გაიგო და გამოუცხადა ხალხს. ხალხმა მის ამოსაყვანად ბევრი იწვალა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. ბოლოს ისევ მკითხავმა უთხრა,რომ იახსარი აბუდელაურის ტბაში არის სიმურში დამრჩალი, იქ მან დევი მოკლა, დევის სისხლი ტბას აქვს გადაფარებული და ვეღარ ამოვა, მანამ ეს არ გაიხსნება და გზა არ ექნებაო. ახლა ამ სისხლს რა მოაშორებდა და ამ გზას რა გახსნიდა ამაზე დაღონდნენ. ესეც ისევ მკითხავმა გამოურჩია: სოფელ ბლოში ერთ კაცს ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი ჰყავს, ის გამოართვით, იმ ტბაში ჩაჰკალით და გზა გაეხსნებაო. მოსთხოვეს ბლოველ კაცს ეს ცხვარი და უარი არ უთხრა. წაიყვანეს და ტყის პირზე დაჰკლეს, სადაც ქვას ეტყობოდა იახსარის ნალახტარი.(როცა ტბის ძირზე მისულ დევს ესროლა, თვალი გამოსთხარა და კლდე ოთხად გაატეხინა, აი ამ კლდესთან დაკლეს ოთხრქა-ოთხყურა საკლავი). სისხლი ტბაში ჩავიდა, გაიხსნა ტბის ზედაპირი. ერთი ბროლის ქვა ამოვიდა და ამოჰყვა იახსარი. ის ქვაზე ტრედის აღით (სახით) დაჯდა. ყმათ დაინახეს და დაიწყეს პირჯვრის წერა. მას შემდეგ იახსარი ხორციელობიდან იქცა ხვთისშვილად.
იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს კარატის წვერზე მოიკიდა კოჭი (ე.ი. დაბრძანდა)... მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა კოჭი. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ დაარსდა.

თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ148-149




ლაშარის ჯვრის უჩინო (უჩინარი) ცხენი
უჩინარი, საფარველდებული ცხენის არსებობა მე გამიგია. ლაშარის ჯვარს ჰყოლიაუჩინარი ცხენი. ამას მარტო ქადაგი ხედავდა თურმე

ლაშარელაის ლურჯასა ფაფარ ასხავის გიშრისა,
ქორებულ გაემართება, კოტორ გაჰყვება ნისლისა,
ჩაეშველება საყმოსა, ხან რომ არ იყოს მისვლისა.

გიორგი ნაღვარმშვენიერი ქაჯავეთში ჩასულა, ულაშქრავ ქაჯები და იქიდან მოდენი (დობილები) წამოუყვანია - სამი ქალი.

ნადირთმწყემსისა და ფუძის ანგელოზისა არა ვიცი, მაგრამ რომელიმე ხთიშვილი კი შეიძლება მოევლინოს ადამიანს, უფრო მოხუცი მეზობლის ან ნათესავის სახით და გაახსენოს ამ კაცს, რომ ხატი მისგან მოითხოვს სამსახურს.


მთქმელი: მართა ღურბელაშვილი. ჩამწერი: ტრისტან მახაური. სოფ. გომეწარი, 1981 წ. ფოლკლორული ექსპედიციის მასალებიდან.

კ ო პ ა ლ ა დ ა დ ე ვ ე ბ ი

...კოპალაც კაცი ყოფილა, ლიქოკელი იქნებოდა. ქადაგები ასე ამბობდნენ: ხახმატი, გუდანი, კოპალა გერგეტის წვერიდან გადმოეშვნენ. გუდანისთვის სანების წვერი მიუციათ (მიულოცავთ), კოპალასთვის - ნახალის წვერი...
დევები ზეპირად (მიწის ზემოთ) ყოფილან აქ... კაწალხევის წყალი რომ გამოდის, იმას დევის საფლავს ეძახიან... იმათ კაცები (ადამიანები) უწუხებიათ (უზიანებიათ). ღმერთს ლახტი გაუკეთებია და ის გადმოუგდია ანგელოზებისათვის (ღვთისშვილებისათვის). უთქვამს: ვინც ამ ლახტს აიღებს, იმან დევები უნდა დახოცოსო. აუწევია, მაგრამ კოპალას მეტს ვერავის აუღია. ღმერთს მისთვის მიულოცია (დევების დახოცვა). წამოსულა ეს კოპალა დევებთან საომრად. სადაც კი შეხვედრია არაგვზე, ყველა დევი მოუკლავს... ზეპირად (მიწის ზემოთ) გაუთავებია (მოუსრია) დევები,... (გადარჩენილნი) სულებად ქცეულან, მანამდე ხორციელები ყოფილან...

თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ 186

კ ო პ ა ლ ა დ ა ა ვ თ ა ნ დ ი ლ დ ე ვ ი

...იმ დროს როდესაც კოპალამ მუსა (დევი) მოჰკლა და ქვა დააგდებინა, გაღმით მხარეს გამოჩნდა ავთანდილიც. ერთ მხარეზე მოკლული ირემი ჩამოეკიდა და მეორე მხარეზე ძირით ამოწვდილი (ამოგლეჯილი) წიფელი ედო, შეშად მიჰქონდა.

კოპალას ღვთის ბრძანება ჰქონდა, სადაც დევს ნახავდა ყველა უნდა მოეკლა. ესროლა ლახტი და ავთანდილიც იქვე მოკლა. ავთანდილი გამოქანდა და ფშავ-ხევსურეთის არაგვში ჩაიდო (ჩავარდა). ახლაც იქ ძევს ქვად ნაქცევი. წიფელი გადმოვარდა გზის ძირში და ძირით მიწაშივე დაეფლო. მერე ხატმა ბრძანა: ,,ავთანდილის ხე განედლდაო, ავთანდილი კი ქვად იქცა, როცა წყალში ჩავარდაო“...

თ.ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1967წ, გვ. 155


გ ა ხ უ ა მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი ს წ ა ყ ვ ა ნ ა ქ ა ჯ ა ვ ე თ ი ს

დ ა ს ა ლ ა შ ქ რ ა ვ ა დ

გახუა ყოფილა, მეგრელაურთ გახუა. ხახმატის ჯვარს ქაჯავეთში წაუყვანია. ანგელოზების ჯარი შეყრილა. ალბათ, ხახმატის ჯვარმა თუ შ
ლაშქრობისას კარატის ჯვარს უჯობნია სხვებისათვის. გავაეყარა ერთად ანგელოზები. მისულან ქაჯავეთში... დასცემიან, რაც ჰქონიათ, წაურთმევიათ. ანგელოზებს საქონელი გამოურეკია, ვერცხლის თასები და სხვაც ბევრი წამოუღიათ. სასრევი და სამართებელი ქაჯავეთიდან გამოტანილი, ღლიღველებს მოუპარიათ შემდეგ. ხვთიშვილებს ქაჯავეთიდან ტყვედ წამოუყვანიათ ქალები: სამძიმარი, აშექალი, მზექალი. სამძიმარი ღვთის ნასახი (დანაბადი), გიორგის დაი ყოფილა...გავარვარებულ რკინას ხელზე იწყობდა კარატის ჯვარი და ქაჯებს ესროდა. ქაჯებს წამოსვლისას მოლაშქრეთათვის კატების თავ-ფეხები უსვრიათ. გუდანის ჯვარს დელამფარი (დიდი ფარი) ჰქონია. ანგელოზები მას შეფარებიან და ასე დაუცავთ თავი კატების თავ-ფეხებისაგან... ყოველივე ეს გახუას ნაუბარია.

თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 190-193

გ უ დ ა ნ ი ს ჯ ვ ა რ ი, გ ა ხ უ ა მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი დ ა ა დ ო ნ ა თ მ ი ნ დ ი ა

გუდანის ჯვარს დევებისათვის თვალი (თვალ-მარგალიტი, სიმდიდრე) მოუპარავს. ეს ასე მომხდარა: ჯვარს ორი კაცი წაუყვანია - ერთი გახუა მეგრელაური, მეორე ადონათ მინდია. მისულან იმ დევის სახლში და შიგ შესულან. ერთი ბებერი დიაცი მჯდარა (რომლის) კბილები მიწამდე უწევდა (,,მიწაზე ესხნესავ“). ავთანდილი არ არის სახლში, თორემ ვერ აჯობებდითო, - უთქვია იმ დიაცს. ერთ ყორეში ხვრელი (შუკუნი) იყო, იქ შევყავი ხელი, ხან გველი და ხან ბაყაყი გამომყავდა, ანგელოზი (გუდანის ჯვარი) თავზე მადგა, რაც მე გამომყავდა, თურმე, თვალი ყოფილიყო, ხან გველად და ხან ბაყაყად მეჩვენებოდა... გამოვიყვანეთ ისინი... დევი (ავთანდილი) მოსულა და გაუგია ამბავი... (ჩვენ) ვირბინეთ და ვირბინეთ... ხან ქვასა და ხან ხეს გვესროდა. ხუილი და გუგუნი იდგა... მოსულან გუდანის ჯვარში, რაღაც დღეობა ყოფილა იმ დროს, მოუტანიათ ის თვალი, დევიც თან მოჰყოლიათ, გახუას გაუმართნია დევთან საუბარი... სხვას არ ესმოდა მათი ნაუბარი... დევი ეუბნებოდა: რაც წამართვით (თვალი), ჩემი იყოვო...იმ დევს თეთრი ნაბადივით ეხვია (ტანზე), ნაბდისავე ძაბრის მსგავსი ქუდი ჰხურებია... ბეწვეულები სხმია პირსახეზე,... სხვაფრივ კაცივით ყოფილა, სახე კაცისა ჰქონია, მარტო ფეხები სდგმია უკუღმა.

თ.ოჩიაური, მითოლოგიური გამოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ 165-166




ღ ვ თ ი ს შ ვ ი ლ ე ბ ს დ ე ვ ე ბ თ ა ნ ს ა ბ რ ძ ო ლ ვ ე ლ ა დ მ ი ჰ ყ ა ვ თ
ბ ა ც ა ლ ი გ ო ე ლ ი გ ა ხ უ ა

გახუა ბაცალიგოელი ხევსურების ჯვარ-ღმერთების ერთგული იყო. როგორც კაცი კაცს ელაპარაკება, ისე ელაპარაკებოდნენ მას, ყველაფერს აგებინებდნენ, სადაც წავიდოდნენ, თან გაიყოლებდნენ, ხან ლაშქრობაში, ხან დევებთან ბრძოლაში, ხან სად და ხან სად.
ერთხელ გუდანის ჯვარმა, დიდება მის ძალსა, ხახმატის ჯვარმა და იახსარმა გადაწყვიტეს დევებთან საომრად წასვლა. პირობა შეკრეს. თქვეს:ხორციელი ვინ გვინდა, რომ შეგვეშველოსო. გახუა წავიყოლოთო - უთხრა საღმთომ (გუდანის ჯვარმა), დაუჯერეს ხახმატის ჯვარმა და იახსარმაც.
დაიბარეს გახუა. უთხრეს რაშიაც იყო საქმე. ,,მეძნელება თქვენთან,... დიდი ხათრი მაქვს თქვენი, მაგრამ, დიდნო ბატონნო, უარს როგორ გეტყვით, წავიდეთო,ჩ - შენ გახუავ! უკან, შორი ახლო მოგვყევიო,- უთხრეს.
გაიარეს კიდევ კარგად დიდი გზა. გამოჩნდნენ დიდნი სასახლენი. გაიგეს რომ ცხრათავიანი დევი - ბაყბაყი შინ არ ყოფილა. შეუვარდნენ, ცოლშვილი გაუწყვიტა იახსარმა. გუდანის ჯვარი ყარაულად დადგა გარეთ. გახუა და სამძიმარი(ხახმატის ჯვარი) შიგნით შევიდნენ. გამოტენილი იყო იქაურობა ოქრო ვერცხლით. გახუას ამაზე რჩებოდა თვალი. ხახმატის ჯვარმა უთხრა: ,,ეგ არ გვინდავ, არავ, მე მამყევივ!“
ერთ დიდ ყორეში ხვრელები (შუკუმები) იყო, ხელი ძლივს შეეტეოდა. ,,ამაში შევყავი ხელი, მე ვერ შევხედავ, რაც შეგხვდება გამოიღეო,“- უთხრა ხახმატის ჯვარმა გახუას. გახუამაც შეჰყო ხელი. თითოეულ შუკუმშიმკლავის სისქე დაგრეხილი გველი იყო. ხელი ვერ ახლო გახუამ, მაგრამ ხახმატის ჯვარმა შესძახა: ,,ეეგივ, ეგივ, გამაიღივ.“ არ იყო საშველი მოკიდა ხელი და თითო ყორიდან (შუკუმიდან) თითო-თითო გველი გამოათრია. ერთი ხურჯინი აავსეს. ,,რად გინდა ეს გველ-ბაყაყები, კაი რამე წავიღოთო,“- უთხრა გახუამ. ,,არ იცი რა არის ეს და შემდეგ გაიგებო,“- უთხრა ჯვარმა. ბაყბაყმა არ მოგვისწროს, თორემ ხათაბალა გახდება, შენი უფრო გვეშინია, ჩვენ კი ვერაფერს გვიზამსო. ერთი ოქროს ფანდური ვნახეთ და ისიც წამოვიღეთ.
ჩქარა წამოვედით. დიდძალი გზა გამოვიარეთ. ეხლა სამშვიდობოს გვეგონა თავი. ერბაშად რაღაც გუგუნი მოგვესმა. გავიხედეთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. თანდათან მოგვიახლოვდა გუგუნი. ერთბაშად გალოპილ და ძირით მოგლეჯილ წიფლებმა გაიღო ზუზუნ-ზუზუნი. აი, ხათაბალაო, თქვა იახსარმა, ბაყბაყი მოგვდევსო. ხანდახან შემოსრეულ წიფლებს უკან გაისვრიდა დალოცვილი. გამოვედით სამშვიდობოს. ეხლა აღარა გვიჭირს რაო.
დავსხედით, დავისვენეთ. ჩავიხედეთ ხურჯინში, რას ვხედავთ: სულ თვალ-მარგალიტით ამოტენილია ეს ხურჯინი. ეს რაა, გველები ჩავსხით და ამდენი მარგალიტები საიდან მოვიდა, თქვა თავისთვის გახუამ. ,,არ იცი, გახუავ, გველად გეჩვენებოდა ეს ძვირფასი განძიო,“ უთხრა ხახამატის ჯვარმა.


ა. გაჩეჩილაძე, ,,გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ., 1959წ, გვ 20-22








მ ი ნ დ ი ა გ უ გ უ ლ ე ბ ი ს ქ ვ ე ყ ა ნ ა შ ი

ქაჯეთიდან გამოპარულ მინდიას გზა არევია, არხოტის ნაცვლად, გუგულების ქვეყანაში მისულა. უკითხავთ სადაურობა და მათთან მისვლის მიზეზი. მინდიას თავისი თავგადასავალი უამბნია. ცალთვალა გუგულმა უსაყვედურათურმე მინდიას, - ,,გახსოვს არხოტში ყორეზე მჯდომარეს ქვა რო მესროლე და თვალთ გამამთხარე, რას მერჩოდი, არხოტში გაზაფხული მე მამყვანდაო.“ მინდიას გაახსენდა ბავშვობისდროინდელი საქციელი, ეწყინა და პატიება თხოვა ცალთვალას.
გუგულები წიწკებით ( ხის გამხმარი წვრილი ტოტებით ა. ც.) აშენებულ სახლებში ცხოვრობდნენ.იმ დღეს გუგულებმა უეცრად ჩოჩქოლი შექმნეს. დაიწყეს სიმაგრეების აშენება. სახლებს ჩულავდნენ, კარებს ამაგრებდნენ. იკითხა მათი შეშფოთების მიზეზი მინდიამ. ,,ლაშქარი გვეცემისო ჭკათა“- გაიძახოდნენ გუგულები. მართლაც, მოფრინდა შავი ლაშქარი ჭკათა და დაუწყეს რბევა გუგულთა სამფლობელოს. მინდი ჯოხით დარევია მომხვდურებს და ამოუჟლეტია. გუგულებს შეუყვარებიათ ხოგაის ძეი. მინდის უთხრეს: ,,შენ რომ ეს მტერი მოგვაშორე, რასაც გვთხოვ, სუყველას აგისრულებთო. არხოტში წამიყვანეთო - უთხოვია მინდის.
იმავე წუთს გუგულებმა დაიძახეს : ,,ცხვარ მოვლალოთო“. მინდის უნახავს თეთრკრაველიანი გველის ფარა მოდენილა.. მინდი შეშინებულა. გუგულებს გამოუყვანიათ ერთი გველი და მინდის პატივსაცემად დაუკლავთ... გასძნელებია მინდის გველის ხორცის ჭამა, მასპინძლები არ მოშვებიან და ბოლოს დაჰყოლია მათ ნებას. მინდის გველი შეუჭამია. ვეღარ დაუსვენია და ცუდად შექმნილა. მაშინ გუგულების ქალებმა მინდის სამი ლოგინი გაუშალეს და უთხრეს:,,პირველ ლოგინზე დაწექი, რო ვეღარ გაძლო, მეორეზე გადადი, მეორეზე თუ ვერ გაძლო, მესამეზე და დაისვენებო.“
მესამე ლოგინზე მინდიმ მართლაც მოისვენა; როცა მინდის გამოეღვიძა, ნახა იღლიის ძირები დასიებია, ჯამებსავით დაკვრია. გუგულებმა უთხრეს: ,,გაიჭერი ძირები და მკბენარები გადმოვაო.“ დაუჭრია მინდიას იღლიის ძირები და მკბენარები გადმოსულა. მინდიას სიმძიმე დაუკარგავს, ისე დამსუბუქებულა, რომ უბეში ქვა ჩაუდევს, ქარმა არ გამიტაცოსო. გველის ხორცის ჭამის შემდეგ მინდის სმენა საუბარი ხეთა, ფრინველთა, ნადირთა, ყანის ყვავილთა და ბალახთა.
მინდის მიერ დასახიჩრებულ ცალთვალა გუგულს დაავალეს მინდის წაყვანა არხოტში. გუგულებს მინდისათვის საგზურად პურსატანიც მიუციათ, თანაც უსწავლებიათ: ,,ალალი ქვეყნის პურს რამდენ ლუკმასაც მაკბეჩ.იმდენიც მაემატებისო.“
გუგულების ქვეყანას საზღვართან წყალი ჩამოუდიოდა. როცა გუგულები თავის ქვეყანაში ბრუნდებოდნენ და წყალს გამოვიდოდნენ, პატარა ციდაკაცებად იქცეოდნენ, როცა თავის ქვეყნიდან მიდიოდნენ და წყალს გადავიდოდნენ,- ფრინველებად.
...მინდი ამ პურით გაზაფხულზე მოვიდა არხოტში.

ა. გაჩეჩილაძე, გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ., 1959წ, გვ26-27





მ ი ნ დ ი ს წ ა ს ვ ლ ა ქ ი ს ტ ე თ შ ი დ ა მ ი ს ი მ ო კ ვ ლ ა



მინდი ერთხან სისხლის ასაღებად წასულა ქისტეთს. თერეთეგოს ნდომია მისვლა მეგობარ ალდიძესთან, მაგრამ ცუდი ტაროსის გამოგზა არევია და მისულა მოსისხლეების სოფელ მიზუმში. ქისტის ქალმა იცნო მოსისხლე, მინდი ციხეში შეიტყუა. მინდის თან ყავდა თავის ძმაი და კვირიკა ჯაბუშანური. ქალმა ხმა გაუტეხა (დაყარა, დააგდო) სოფელში,რომ მინდი დავიჭირეთო. მოსულან ქისტები, შემოხვევიან ციხეს, კვირიკა გადმომხტარა ჩარდახიდან და გაქცეულა. მინდის უთქვამს ძმისთვის: გადავხტები და გადმომყევიო. ძმა ბეჩავ ყოფილა, ტირილი დაუწყია; ვერ გადმოვხტებიო. მინდიმ თავი დასთმო და ძმა ვერა. ქისტებს მინდისათვის მოტყუებით იარაღიჩამოუხსნიათ, ხელები შეუკრავთ და მერე მოუკლავთ. ქისტებს მინდისათვის გული ამოუჭრიათ, დაუნაწილებიათ, ორსული დედაკაცისთვის უჭმევიათ; იქნებ მინდის გული ჩედვას, მინდის ფერ ბალღები დაიბადნენ.


ა. გაჩეჩილაძე, გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ., 1959წ, გვ28